გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ", თავისი ანტიევროპული კურსით, პრაქტიკულად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
ბერბოკი წერს, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც წყლის ჭავლის მანქანების წინ დგანან, მხოლოდ ევროკავშირის დროშები უჭირავთ ხელში. მისივე თქმით, ოპოზიციონერ ლიდერებს სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს, ხოლო ბოლო კვირების განმავლობაში, ათობით ათასი ქართველი, ყველაზე პატარა სოფლებსა თუ დიდ ქალაქებში, მამაცად იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
"საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. მათი ხმა არის პროევროპული პროტესტი. მაგრამ "ქართული ოცნება" დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით რეაგირებს. თავის ანტიევროპული კურსით "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. "ქართული ოცნების" ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ ევროკავშირში ასევე გვიწევს განვიხილოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორმალური შეჩერება.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 2023 წლის დეკემბერში იყო დაკავშირებული რეფორმების ჩატარების დაპირებასთან. ეს ყოველთვის იყო ნათელი "ქართული ოცნებისთვის". მაგრამ, პროგრესის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ საგანგაშო წარუმატებლობას: არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები ხისტად აკრიტიკებენ, არაპროპორციული ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ან ლგბთ თემის უფლებების შეზღუდვა. ამგვარად, "ქართული ოცნება" ხელიდან უშვებს ისტორიულ შანსს, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ქვეყანას.
ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, "ქართული ოცნება" სულ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან, მათ შორის სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველო-გერმანიის მრავალწლიან ურთიერთობას. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ პროექტების მხარდაჭერა 200 მილიონ ევროზე მეტი თანხით. ამავდროულად, ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, განვიხილავთ შემდგომ ზომებს - დაწყებული სავიზო შეზღუდვებით ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, დამთავრებული კონკრეტული სანქციებით.
ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა. ახლა, მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა დაასრულონ ღრმა პოლიტიკური კრიზისი, აღადგინონ ნდობა და შესთავაზონ ქართველ ხალხს რეალური პერსპექტვები - რათა დაბრუნდნენ ევროკავშირის გზაზე, მაგრამ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისთვის", - წერია განცხადებაში.