რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომლები "თავს გადაგდებულად" გრძნობენ. ისინი ამბობენ, რომ ერთი წლის წინ, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მათ, ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას დაპირდა, თუმცა უშედეგოდ.
აზოტის ქარხნის თანამშროლების მსგავსად, თავს მოტყუებულად გრძნობენ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებიც. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის დაპირება - მათთვის დავალიანებების გასტუმრების და ხელფასის მატების შესახებ, დღემდე არ შესრულებულა. მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ ვინც დავალიანების გასტუმრება მოითხოვა, მათ სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ.
ხელისუფლებას შეუსრულებელ დანაპირებს ახსენებენ რუსთაველი სტუდენტებიც. ადგილობრივი ხელისუფლება სტუდენტებს თბილისის მიმართულებით მგზავრობაზე სტუდენტურ შეღავათს დაჰპირდა, თუმცა, ესეც დანაპირებად დარჩა. სტუდენტები მგზავრობაში კვლავ 2 ლარს იხდიან.
"ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ რუსთაველები გადააგდო " - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების შეფასებაც. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ არცერთი დაპირება ხელისუფლებამ არ შეასრულა და რუსთაველები კვლავ იგივე პრობლების წინაშე არიან.
მოსახლეობას იმედი არა აქვს, რომ "ქართული ოცნება" მათ ჯერ კიდევ 2012 წელს გაცემულ დანაპირებს შეუსრულებს.