
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის საომარ რიტორიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ "თურქეთის პოლიტიკური განცხადებები წინდაუხედავი და სახიფათოა". თუმცაღა ის ამბობს, რომ ამ დროისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს დაპირისპირებაში თურქეთის უშუალო მონაწილეობის.
აქვე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ განახლებული სამხედრო შეტაკებების პირველსავე დღეს თურქეთმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა, სასწრაფოდ შეწყვიტოს ძალადობრივი მოქმედებები რეგიონში.
ცნობისთვის, სომხეთის თავდაცვის სპიკერი ირწმუნება, რომ თურქეთმა სომხების საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო - პრეზიდენტმა ერდოღანმა ბრალდება უარყო.
საფრანგეთის პრეზიდენტი აპირებს, რომ საკითხი დღეს, 30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინთან და დონალდ ტრამპთან ერთად განიხილოს.
საყურადღებოა, რომ დღეს საქართველოს პრმეიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთ-აზერბაიჯანს დიალოგისთვის თბილისში შეხვედრა შესთავაზა.
შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა.
ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა და დღემდე მიმდინარეობს.