თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰამი აქსოის თქმით, ქვეყანა სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში და სომხეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში.
სტაბილურობისა და მშვიდობის ყველაზე დიდი წინაღობა კავკასიაში სომხეთის მტრული განწყობაა. მან სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს დაპირისპირება, რომელიც რეგიონს ცეცხლში გახვევს, - ამბობს აქსოი.
აქვე, დღეს, 27 სექტემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს. ამ დროისთვის დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და 10 სომეხი ჯარისკაცი.
მალევე, საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტს გამოეხმაურა და კონლფიქტის დეესკალაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარალელურად, სომხეთის პრემიერმინისტრმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადა.
ცნობისთვის, წელს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები.
ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, გასული წლების ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 2016 წელს მოხდა, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა და რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა და დღემდე მიმდინარეობს.