"არ შეიძლება EU-სთან მჭიდრო ურთიერთობების უპირატესობებით ისარგებლო, როცა აღებულ ვალდებულებებს არ იცავ" | შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"ევროკომისიის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ დამატებითი ანალიზი მოვითხოვე ... არ შეიძლება EU-სთან მჭიდრო ურთიერთობების უპირატესობებით ისარგებლო, როცა აღებულ ვალდებულებებს არ იცავ," - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა რიქსდაგში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

"საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. 2024 წელს რამდენიმე კანონი იქნა მიღებული, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასა და ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას ზღუდავს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთო-ს დამკვირვებლებმა, დარღვევების შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 28 ნოემბერს "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ პარტია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ აპირებს და ასევე, იმავე პერიოდში ევროკავშირის ყველა ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმას აპირებს. აღნიშნულმა განცხადებამ საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. რამდენიმე შემთხვევაში, ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება მოხდა.

შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებდა ამ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი წინააღმდეგობრივი პოზიცია მკაფიოდ გამოეხატა. საქართველოს საკითხი ბოლოს 16 დეკემბერს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნა განხილული. იქ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი მხარს უჭერს იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. ასევე, ხაზი გავუსვი საქართველოსთვის განკუთვნილი ევროკავშირის დაფინანსების გაყინული ფონდიდან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის თანხების გადანაწილების მნიშვნელობას. ასევე, ევროკომისიის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ დამატებითი ანალიზი მოვითხოვე, რადგან ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რომ არ შეიძლება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების უპირატესობებით ისარგებლო, როცა აღებულ ვალდებულებებს არ იცავ. მივესალმები იმ ფაქტს, რომ კომისიამ ასეთი წინადადება წამოაყენა," - განაცხადა მარია მალმერ სტენერგარდმა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი