
ისტორიკოსს, რომელმაც სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საფლავები აღმოაჩინა, დღეს მოსკოვის სასამართლომ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
იური დიმიტრიევის საკითხით საერთაშორისო ექსპერტები ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაინტერესდნენ, როდესაც 2018 წელს დიმიტრიევი მისივე ქალიშვილისთვის პორნოგრაფიული შინაარის ფოტოების გადაღების ბრალდებით დააკავეს.
რუსეთის მთავრობის 2018 წლის ეს გადაწყვტილება, ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და აშშ-ს საელჩომ ყალბ ბრალდებად შეაფასეს.
დღეს კი, ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ დიმიტრიევის სასჯელის გახანგრძლივება მის საქმიანობასთანაა დაკავშირებული. დიმიტრიევი იმ ისტორიკოსთა ჯგუფის წევრია, რომლებიც საბჭოთა რეპრესიებს სწავლობენ. ისტორიკოსმა ყოფილი საბჭოთა გულაგის ტერიტორიაზე , ჩრდილოეთ რუსეთში, ფინეთის საზღვართან ახლოს საფლავები აღმოაჩინა და სტალინის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობების ფაქტი გამოავლინა.
ცნობისთვის, დიმიტრიევმა საფლავები 1990-იან წლებში აღმოაჩინა, თუმცა სტალინთან კავშირების დადგენა მან მხოლოდ 2018 წელს შეძლო, რის შემდგომაც მალევე დააპატიმრეს.
აღმოჩენილ ტერიტორიაზე დაახლოებით 6000 პატიმრის ცხედარია, რომლებსაც ისტორიკოსები 1937 წლის სტალინური დიდი ტერორის მსხვერპლებად მიიჩნევენ.
„სამხედრო-ისტორიულმა საზოგადოებამ“, რომლის სათავეში რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებიც არიან, აღმოჩენილი საფლავები მეორე მსოფლიო ომს მიაწერა.
მსოფლიო ომთან საფლავების დაკავშირებას, კრიტიკოსები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირდაპირ დავალებად მიიჩნევენ, მიზანი კი, საბჭოთა დანაშაულებების გადაფარვაა.
რაც შეეხება საფლავებს, ბოლო წლებში ის არაერთხელ დააზიანეს, თავის მხრივ კი, ორგანიზაციაში, რომელშიც დიმიტრიევი მუშაობდა, ამბობენ, რომ მათ ოფისსა და თანამშრომლებს თავს არაერთხელ დაესხნენ და დაემუქრნენ.
ცნობისთვის, 64 წლის დიმიტრიევის სასამართლო პროცესი დახურული იყო.