ყარაბაღში ისევ ისვრიან - სომხეთი ამბობს, რომ კონფლიქტში თურქეთი ჩაერთო

გამოქვეყნდა:

მთიანი ყარაბახის გარშემო საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სომხეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, აზერბაიჯანმა ბოლო 24 საათში საარტილერიო რეაქტიული სისტემები „სმერჩი“ და „ურაგანი“ დაკარგა, ასევე 11 ტანკი. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით კი მოწინააღმდეგის რვა ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის სამი დანადგარი „გრადი“ იქნა განადგურებული.

დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა საჰაერო ოპერაციის მართვის სადავეები თურქეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცა. მისი სიტყვებით, ოთხშაბათს თურქული და აზერბაიჯანული ავიაციის ქმედებები თურქეთის ქალაქ ერზრუმიდან იმართებოდა.

მსგავსი განცხადება სომხეთის პრეზიდენტმა ნოკოლ ფაშინიანმაც გააკეთა, თუმცა ოფიციალური ბაქო და ანკარა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი ბაქოს საავადმყოფოში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა და განაცხადა, რომ ყარაბახში ომი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდება, რაც სომხეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს გაათავისუფლებს. 

ყარაბახში კონფლიქტის დარეგულირებას საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გეგმავს ვლადიმირ პუტინთან და დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის გამართვას, რათა გამოსავალი იპოვოს. 

ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლო კი შუალედურ ზომებს იყენებს ყარაბახის კონფლიქტის საქმეში და მოუწოდებს მხარეებს, არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი კი დღეს ტელეფონით თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ დაუშვებელია კონფლიქტში გარე ძალების ჩართვა, რადგან ეს რეგიონულ სტაბილურობას და მშვიდობას შეუქმნის საფრთხეს.

სომხეთის ეროვნულმა ფოსტამ ცხელ წერტილში ჰუმანიტარული დახმარების გამგზავნთათვის გადასახადები გაანულა და სპეციალური ტრაილერები გამოყო. მოხმარების პირველად ნივთებს აგზავნის აზერბაიჯანელი ხალხიც. ბაქოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ კი საკუთარი სახლი გაყიდა და ჯარს 30 ათასი დოლარი შესწირა.

მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ საქართველოს პრემიერმა დაპირისპირებულ მხარეებს თბილისში შეხვედრა და მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს მოლაპარაკებების მაგიდასთან ეპატიჟებიან დასავლეთის ქვეყნებიც, თუმცა ოფიციალური ერევანისა და ბაქოს მხრიდან თანხმობა ჯერჯერობით არ გაჟღერებულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი