"შერატონ ბათუმი" გიორგი გახარიაზე პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა," - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სასტუმროს გულგრილობა უკვე გადაზრდილია "ოცნებასთან" დანაშაულებრივ თანამზრახველობაში.
სიჭინავამ დღეს ისიც აღნიშნა, რომ "შერატონ ბათუმის" მოქმედებები ეჭვს იწვევს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაძლოა წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები სასტუმროს ადმინისტრაციასთან თავდასხმის თაობაზე:
"შერატონ ბათუმის" მოქმედებები აჩვენებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაძლოა წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები სასტუმროს ადმინისტრაციასთან, რომ სასტუმროს კუთვნილ სივრცეში მოეწყობოდა თავდასხმისთვის ჩასაფრება. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმამდე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის დაზარალებული მიზანმიმართულად მოაშორეს შემთხვევის ადგილს პოლიციის გამოძახების გარეშე, შეიარაღებული მოძალადეები დატოვეს ადგილზე და დაგეგმილი დანაშაულის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს, რა დროსაც, სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ფაქტობრივად უმოქმედოდ იდგნენ.
სასტუმროს თავდასხმისთანავე მყისიერად არ გამოუძახებია პოლიცია და ადგილზე თითქმის 1 საათის დაგვიანებით მისულ პოლიციას, დაუცველი, პერსონალის მიერ უკვე დასუფთავებული შემთხვევის ადგილი დაახვედრეს. მაშინ, როცა ამ ფაქტის გასაპროტესტებლად 18 იანვარს "შერატონ ბათუმში" მოწყობილი მშვიდობიანი აქციისას პოლიცია ადგილზე მობილიზდა ზუსტად 4 წუთში. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო "შერატონისგან" უახლესი პოლიციის განყოფილება მდებარეობს 700 მეტრში. შემთხვევის ადგილზე პოლიციის განზრახ დაგვიანებით მისვლამ თავდამსხმელებს ადგილიდან მიმალვის შესაძლებლობა მისცა. ერთი კვირაა რეჟიმის მიერ ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას ვითხოვთ, რომელსაც "შერატონ ბათუმი" აუხსნელი მიზეზებით თავს არიდებდა.
როგორც ხედავთ, ეს იყო გამოძიებისა და სასტუმროს კოორდინირებული მოქმედება, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მოეგოთ დრო და შესძლებოდათ ჩანაწერებთან ერთად სრული სერვერული ინფრასტრუქტურა ამოეღოთ, რათა ეს კადრები ჩვენთვის ხელმიუწვდომელი გამხდარიყო.
აღსანიშნავია, რომ ამოღებულ ე.წ. ვინჩესტერებში ინახება ბევრი ადამიანის დიდი მოცულობის პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც ამ სასტუმროთი სარგებლობდნენ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ სასტუმროს რეპუტაციაზე და იქ ყოფნის უსაფრთხოების გაზრდილ რისკებზე, როგორც ფიზიკური ასევე პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის კუთხით.
ორგანიზებულ თავდასხმაში, მტკიცებულებების დამალვასა და განადგურებაში ვერც ერთი პირი ვერ შეძლებ დამალვას და პასუხისმგებლობისგან გაქცევას. თითოეულ მათგანს ვპირდებით, რომ ეს იქნება გარდაუვალი მაგრამ აბსოლუტურად სამართლიანი. პარალელურ რეჟიმში, ჩვენი რესურსებით ვატარებთ გამოძიებას, მტკიცებულებების მოპოვებისა და დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძე ბათუმის "შერატონში" თავს ოლიგარქის დეპუტატი დიტო სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად, 15 იანვრის ღამეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. გახარიას თანაგუნდელები ამ დრომდე ითხოვენ სასტუმროსგან სათვალთვალო კამერების სრული ჩანაწერის გადაცემას, თუმცა როგორც გაირკვა, ჩანაწერი პროკურატურამ წაიღო.