ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა და ისრაელ-ჰამასის მოლაპარაკების შუამავლებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პაუზის შემდეგ ისევ განახლდება.
ისრაელი ორშაბათიდან დაიწყებს ღაზას მცხოვრებლების სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შეშვებას, ჰამასი კი კვირის მეორე ნახევარში 6 მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორისაა არბელ იეჰუდი. არბელ იეჰუდს, სამოქალაქო მძევალს ჰამასი სავარაუდოდ ხუთშაბათს ან პარასკევს ორ მძევლ მამაკაცთან ერთად გაათავისუფლებს, ხოლო კიდევ სამი მძევლის გათავისუფლება შაბათს მოხდება.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ისრაელს ღაზას სექტორში ხალხის შეშვება შაბათს უნდა დაეწყო, მაგრამ შეფერხება გამოწვეული იყო არბელ იეჰუდთან დაკავშირებით. ისრაელმა განაცხადა, რომ იგი გასულ კვირას მძევალი ქალების გამოშვებამდე უნდა გაეთავისუფლებინათ. ისრაელმა ჰამასისგან მოითხოვა მტკიცებულება, რომ იეჰუდა ცოცხალი იყო, ასევე ინფორმაცია ყველა დანარჩენი მძევლების შესახებ. ეს ინფორმაცია უკვე მიღებულია, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისშიც დაადასტურეს.
ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. მხარეებმა შეაჩერეს სამხედრო მოქმედებები და უკვე ჩაატარეს ორი გაცვლა: შვიდი მძევლის გათავისუფლების საპასუხოდ, ისრაელმა ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა ციხიდან, მათ შორის მკვლელობასა და ტერორიზმში მსჯავრდადებულები.