
„სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი“ - მიხეილს სააკაშვილის შესახებ, სომხეთის განათლების, სპორტის, კულტურისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ ჰარუთუნიანი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს:
„დღეს მე გადავწყვიტე, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსთვის მომეთხოვა, ჩამოერთვას საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.“ - აცხადებს ჰარუთუნიანი.
სომხეთის განათლების მინისტრი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის პროფესორის წოდების ჩამორთმევის მიზეზად, სააკაშვილის მიერ აზერბაიჯანის მხრიდან სომეხთა იდენტობის წინააღმდეგ ქმედებების წაქეზებას ასახელებს. რაც, ჰარუთუნიანის თქმით, სომეხთა უფლებების - იცხოვრონ და იმუშაონ თავიანთ მიწაზე თავისუფლად, დარღვევაა.
ცნობისთვის, 28 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას თქვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა, რაც სავარაუდოდ გახდა ჰარუთუნიანის განცხადების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა კავკასიის რეგიონში მშვიდობას და თქვა, რომ ყველას ვინც გამოდევნილია ყარაბაღიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.