GDI: ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრის მინიმუმ ორ დეფინიციას, შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

გამოქვეყნდა:

ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში, რომელმაც მსახიობის საქმე შეისწავლა და დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა.

GDI-მ, ჭიჭინაძის საქმე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, 2012 წლის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეისწავლა და მიაჩნია, რომ მსახიობის პატიმრობა რეზოლუციის მინიმუმ “b” და “e” კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ანდრო ჭიჭინაძე არის პოლიტიკური პატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 

"ანდრო ჭიჭინაძეს პატიმრობა შეფარდებული აქვს წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, ქმედებისთვის რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე დანაშაულთან. ამასთან, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს. ამასთან, ანდროს მიმართ გამოყენებული პატიმრობა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ მითითებულ სტანდარტებთან - პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო აბსტრაქტული, ზოგადი და სტერეოტიპული არგუმენტაცია, რა დროსაც პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ არსებობდა არა მხოლოდ პატიმრობის გამოყენების, არამედ ზოგადად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ანდრო ჭიჭინაძე არის პოლიტიკური პატიმარი. მისი საქმე წარმოადგენს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის N1900 რეზოლუციის  „b“ და “e” კრიტერიუმებით გათვალისწინებულ შემთხვევას.  პოლიტიკური პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! " ნათქვამია GDI-ს ანგარიშში. 

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული 1900(2012) რეზოლუცია განსაზვრავს პოლიტიკური პატიმრის დეფინიციას და შესაბამის სამართლებრივ კრიტერიუმებს. 

„საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება, მიიჩნევა „პოლიტიკურ პატიმრად“: 

a. თუ პატიმრობა შეეფარდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებში მითითებული ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიის, კერძოდ, რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის თავისუფლების, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით; 

b. თუ პატიმრობა შეეფარდა წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე სამართალდარღვევასთან; 

c. თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, პატიმრობის ხანგრძლივობა ან პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ სამართალდარღვევასთან, რომლის ჩადენაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ან ეჭვმიტანილია; 

d. თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, იგი დაპატიმრებულია დისკრიმინაციულად სხვა პირებთან შედარებით; ან 

e. თუ პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს.“

რეზოლუციის თანახმად პირი, რომელსაც აღუკვეთეს პირადი თავისუფლება, უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად თუ მის საქმეში კმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი წინაპირობა მაინც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი