"ქართულმა ოცნებამ" 10 თვის ბავშვი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა - ასე ფიქრობს დედა, რომელიც 8 წელია შვილის მკვლელების დასჯას ელოდება.
ბოლო დროის ყველაზე სკანდალური საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. ისევ გაურკვეველია როგორ აღმოჩნდა 10 თვის მძინარე ბავშვი მარანში, წყლით სავსე ქვევრში, ისე რომ არავის არაფერი დაუნახავს.
საზარელი ამბავი 2012 წელს არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. მომხდარიდან მალევე სოფელ კოლაგში ქართული ოცნების გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი ჩავიდა და პირდაპირ ეთერში ოპონენტის მისამართით უმძიმესი ბრალდება გააჟღერა. ბერიკაშვილმა გიორგი ღვინიაშვილი და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები 10 თვის ბავშვის მკვლელობაში დაადანაშაულა.
ტრაგედია რამდენიმე წუთში პოლიტიკურ საქმედ გადაიქცა. გარდაცვლილი ბავშვის დეიდა მაშინ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების დამკვრვებელი იყო და მაშინვე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან მას მანამდე რამდენჯერმე დაემუქრნენ.
ახლა დეიდა არსად ჩანს დედა კი ამბობს, რომ განცხადებები 8 წლის წინ ემოციურ ფონზე გააკეთა და ბრმად ენდო მანანა ბერიკაშვილს. ბოლო პერიოდში კი გაანალიზა, რომ ქართულმა ოცნებამ მისი ტრაგედია პოლიტიკური მიზენებისთვის გამოიყენა და მას შემდეგ არც ბერიკაშვილს და არც სხვა ვინმეს ეს საქმე აღარ გახსენებია.
ბარბარე რაფალიანცის საქმეს ივანიშვილის გუნდის წევრები მომდევნო პერიოდშიც ხშირად ახსენებდნენ და ამ თემით სპეკულირებდნენ. მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, მაგრამ რომ ვერ გამოიძიეს ამაში ისევ წინა ხელისუფლება დაადანაშაულა.
ქართული ოცნების წევრები 8 წლის შემდეგაც ყველაზე გახმაურებული და სასტიკი დანაშაულის გამოუძიებლობას ისევ წინა ხელისუფლებას აბრალებენ.