გერმანიის საარჩევნო ცაიტნოტი | ვისი ან რისი იმედი აქვს ოლიგარქ ივანიშვილს ბუნდესტაგში

გამოქვეყნდა:

დაახლოებით 10 დღის წინ გერმანიის ქალაქ კარსლრუეს მოქალაქეების ნაწილმა საფოსტო ყუთებში გზავნილი მიიღო, პოლიტიკური ფლაერი, რომელიც ავიაბილეთის ფორმატში არის შესრულებული. ცალმხრივ ბილეთზე მითითებულია რეისი -  გერმანია-წარმოშობის ქვეყანა. გაფრენის თარიღად 2025 წლის 23 თებერვალია მითითებული, ვადამდელი არჩევნების თარიღი. საინტერესოა რომ ეს ე.წ. ბილეთები იმ ადამიანების საფოსტო ყუთებში აღმოჩნდა, რომლებსაც ემიგრაციის წარსული აქვთ. ეს ფლაერები კი ულტრამემარჯვენე პარტიას - "ალტერნატივას გერმანიისთვის" ეკუთვნის.

გერმანია უმწვავესი პოლიტიკური დაპირისპირების ფაზაშია შესული და მიგრაცია მიმდინარე ვადამდელი არჩევნების მთავარი თემაა. მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, რომლებიც პარტიებს შორის არსებობს, არის თემები, რომელთა ირგვლივაც კონსენსუსი ფაქტობრივად მიღწეულია - მათ შორისაა საქართველოს საკითხიც.

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები შიდა პოლიტიკური უთანხმოებებისა და მთავრობის მიმართ ნდობის ლიმიტის ფონზე თავად კანცლერმა ჩანიშნა. კონსტიტუციამ, როგორც ქვეყნის მთავარმა დოკუმენტმა უპირობოდ იმუშავა. საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე დემოკრატიის ეს გაკვეთილი ალბათ სამაგალითო უნდა იყოს, თუმცა ამ საკითხს სხვა კუთხეც გააჩნია. ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერები ბუნდესტაგში სწორედ ულტრა-მემარჯვენე რადიკალური ძალა "ალტერნატივა გერმანიისთვისაა". აეფდე იყო ერთადერთი ვინც ოლიგარქის პარტიას ბუნდესტაგის უმწვავესი რეზოლუციის შემდეგ გამოეხმაურა და დაიცვა გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები. ალტერნატივა გერმანიისთვის წევრები, რომლებიც სხვათა შორის 2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების დამკვირვებლებიც იყვნენ, "ქართულ ოცნებას" გამოექომაგნენ ევროპარლამენტშიც რეზოლუციის დამტკიცებისას. ახლა ჯერი ეროვნულ სანქციებზეა, რომლის დაწესებაზეც ივანიშვილისა და არალეგიტიმური მთავრობის მიმართ საუბრები სულ უფრო აქტიურია როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში. ამიტომ აეფდე - რუსი ივანიშვილის მთავარი დასაყრდენია ბუნდესტაგში.

გერმანიის საარჩევნო ცაიტნოტი, როდესაც წინასაარჩევნო სვლებისთვის დრო იწურება პიკს აღწევს. ულტრა-მემარჯვენე პარტიასთან პოტენციური თანამშრომლობისთვისაც კი ფასი ყველა სხვა პარტიისთვის ახლა ძალიან მაღალია. საპროტესტო აქციების ფონზე, გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა "ქრისტიან-დემოკრატების" მხარდაჭერა არჩევნებამდე მცირედით შემცირდეს. თუმცა როგორიც არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკური გადანაწილება ქვეყანაში ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ვერ შეცვლის გერმანიის საგარეო პოლიტიკის თამაშის წესებს. ამიტომ თბილისშიც "ქართული ოცნება", ეროვნული სანქციების მოლოდინში, ალტერნატივის გარეშეა დარჩენილი.

ავტორი: ზურაბ პეტროსიანი

 

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი