თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლევენ ბაჩიაშვილი-ივანიშვილის აუდიოჩანაწერს, რომლის შინაარსიც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და რომლითაც ირკვევა, რომ 2015 წელს ბაჩიაშვილმა ოლიგარქს კრიპტოვალუტის შესაძენად "ქართუში" სესხის ასაღებად შუამდგომლობა სთხოვა და არა ინვესტიციის ჩადება.
"გამოვიკვლევთ ჩანაწერს, რომელიც სრულად ადასტურებს, რომ მე ბიძინა ივანიშვილთან სესხის მისაღებად ვიყავი მისული, სადაც ის მეუბნება, რომ მე ბანკში წავიდე...
ჩანაწერში ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეუბნება, რომ დაველაპარაკო ბანკის დირექტორს, ნატო ხაინდრავას, რომელიც დამატებით ბანკის მოგების სანაცვლოდ სესხს გასცემს. მე იმავე დღეს შევხვდი ხაინდრავას და იმავე დღეს ბანკმა სესხი დაამტკიცა, ანუ გამოირიცხა ამ საუბრის სხვანაირი ინტერპრეტირება, რომელზეც მეორე მხარე აპელირებს, რომ სამი კომუნიკაცია შედგა მას შემდეგ ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, მათ შორის ივანიშვილსა და ხაინდრავას შორის, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ თითქოსდა, ივანიშვილი უნდა შემოსულიყო ამ პროექტში ინვესტორად, რაც ტყუილია.
სესხი იმავე დღეს დამტკიცდა და სესხის გაცემამდე ივანიშვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, ამას სატელეფონო ამონაწერებიც ადასტურებს",- განაცხადა პროცესის დაწყებამდე ბაჩიაშვილმა. [IPN]
შეგახსენებთ, საჩივარში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პროკურატურაში 2023 წლის 23 მარტს შეიტანა, ის ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა მას კრიპტოვალუტის ბიზნესში ფულის ჩადება და პარტნიორობა შესთავაზა. ის ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებასა და ფულის გათეთრებას ედავება.
აუდიოჩანაწერი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გაყალბებულად გამოაცხადა. ექსპერტი ამტკიცებს, რომ მასზე ზემოქმედების კვალი შეინიშნება. საწინააღმდეგოა გერმანული დასკვნა. იქაურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ივანიშვილ-ბაჩიაშვილის ჩანაწერში მონტაჟის კვალი არაა და ის ავთენტურია.