„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ოლიგარქის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ის 500 ლარით დააჯარიმა:
„შსს-ს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შსს-ს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. [IPN]
დეკანოიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.