"ოცნების" თვითგამოცხადებული პარლამენტის ბიურომ იურიდიულ კომიტეტს განსახილველად გადაუგზავნა ვინმე ავთანდილ კახნიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას მოითხოვს.
კახნიაშვილი "ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სწერს, რომ სასამართლო სხდომების გაშუქების დროს ხდება "სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია". მაგალითად მოქალაქე კახნიაშვილს რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესები მოჰყავს და ამტკიცებს, რომ აქციებზე დაკავებული პირები პროკურორებსა და მოსამართლეებს "აბუჩად იგდებენ".
"მიმდინარე წელს გამართულმა სასამართლო პროცესების სერიამაც დაადასტურა, რომ სხდომებიდან ტელეტრანსლიაციების შედეგად , აშკარად ხდება სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, ხოლო გუშინდელი სხდომის შემდეგ, რომელზეც, ფაქტობრივად, 11-ვე ბრალდებულმა, ფაქტობრივად, აბუჩად აიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც [ადვოკატებმაც მოითხოვეს მათი აცილება, რის გამოც, მოსამართლემ სხდომა დახურა...] თავი ვალდებულად ჩავთვალე პარლამენტისთვის რეაგირებისთვის მომემართა. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის შეცვლილი..." წერს კახნიაშვილი.