მარნეულში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ ნაცემი ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. სამართალდამცავებს მისთვის დაბარების მიზეზი არ განუმარტავთ. ქველაძე არ გამორიცხავს, რომ ძალადობაში დამნაშავეების ნაცვლად ის დააკავონ.
ეს აღვიქვი ისე, როგორც ბოლნისში გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ჩვენი აქტივისტი ცემა და მერე აქეთ ჩვენი აქტივისტი დაიჭირა, ვთვლი, რომ იგივე სცენარის გამეორებას აპირებენ. რადგან ბოლნისშიც აგებენ არჩევნებს, მარნეულშიც და შეიძლება აქტივისტების გაჩერებას დაჭერებით ცდილობენ, - ამბობს ლაშა ქველაძე.
აქვე, მარნეულის ინციდენტის მთავარი ფიგურანტი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ინციდენტისას დაზარალებულები და ოპოზიციის წევრები კი ითხოვენ, რომ გიორგაძე სასწრაფოდ დაიბარონ შესაბამის უწყებაში, რადგან სწორედ ის გასცემდა თავდასხმის ბრძანებებს.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მერიის თანამშრომელი, გიგა ჯალაღონია და "ოცნების" აქტივისტი, გიორგი შალამბერიძე დააკავა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, "მთავარი არხის" 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს.