"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიამ ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიბარა.
ბოკუჩავას თქმით, ჭიაბერაშვილი რუსულ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
"ივანიშვილის რუსულმა კომისიამ პირველი პოლიტიკოსი ცხადია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დაიბარა - ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელთან მუშაობის პატივი ჯერ კიდევ 2010 წელს ჟენევაში მქონდა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზურა ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი, საქმისა და სამშობლოსადმი თავდადებული ადამიანია, ვისაც ოდესმე საჯარო სამსახურსა და პოლიტიკაში შევხვედრივარ.
ზურა ჯერ კიდევ 2013 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით. დღესაც იგივე საფრთხის წინაშეა, რადგან სხვა პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, უარს აცხადებს რუსულ კომისიასთან თანამშრომლობაზე. ასე რომ, როცა საზოგადოების კონსოლიდაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მინიმუმ, სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი და/ან სელექციური.
ამასთანავე, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან არ მიყვარს ნახევრად სიმართლე. დიახ, ამ კომისიის ერთი მიზანი მთავარი თემებიდან, პროტესტიდან, ყურადღების გადატანაა. მაგრამ ამავდროულად, კომისიის მიზანი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობაც რომ არის, ამის თქმის რატომ გვეშინია?
რატომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული წლების, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლების რევიზირება და სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დამაქცევრად წარმოჩენა და დამახინჯებული, რუსული პროპაგანდისტული ვერსიის ქართველ ხალხისთვის მიყიდვა?
სანამ პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას ვარჩევთ სრული სიმართლის თქმას და ნახევრად სიმართლით შემოვიფარგლებით, ყოველთვის მოიგებს ბიძინა, რადგან მეორე ნახევარს მუდმივად რუსულ-ქოცური პროპაგანდა შეავსებს. ვისურვებდი, რომ ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ კარგად გაითავისოს. დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას!" - წერს ბოკუჩავა.
არალეგიტიმური პარლამენტის "საგამოძიებო კომისიაში" "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. "საგამოძიებო კომისია" "გამოუცხადებლობის გამო", მამუკა ხაზარაძის საქმეს ოლიგარქის პროკურატურაში გაგზავნის.
გარდა ამისა, "საგამოძიებო კომისიის" მუშაობაში მონაწილებას არ მიიღებს "კოალიცია ცვლილებისთვის".