თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია სტამბოლის აზიურ მხარეს, მალთეფეს რაიონში დღეს ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავს.
პატიმრობაში მყოფ ექრემ იმამოღლუს, როგორც ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერ აქციაში, სხვა, ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. აქციის ორგანიზატორებმა ადრე განაცხადეს, რომ დაახლოებით მილიონი ადამიანის მონაწილეობას ელოდებიან. აქციაში მონაწილეებს უჭირავთ თურქეთის დროშები, სკანდირებენ იმამოღლუს მხარდამჭერ ლოზუნგებს, ითხოვენ მის გათავისუფლებას, მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს.
ექრემ იმამოღლუს მიმართვა შეკრებილ მხარდამჭერებს მისმა მეუღლემ დილექ კაია-იმამოღლუმ წაუკითხა
"ერდოღანმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის, რაც ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს, არ იყო პოლიტიკური მიზნების მქონე ბინძური ოპერაცია. ერდოღანი ჩემს წინააღმდეგ ყოველი ნაბიჯით აჩვენებს, რომ ის არის ის, ვინც გაურბის არჩევნებს და ეშინია ოპონენტის. თავისი არაკაცური ქმედებებით არცხვენს თავის მხარდამჭერებს." - ნათქვამია იმამოღლუს მიმართვაში.
სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციისა და ტერორიზმის დახმარების ბრალდებებით, თუმცა 23 მარტს წინასწარი პატიმრობა მხოლოდ კორუფციის ბრალდების გამო მიუსაჯეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უფლებამოსილება შეუჩერა. სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, სტამბოლის საქალაქო საკრებულომ მერის პოსტზე კვლავ ოპოზიციონერი, CHP-ის წევრი ნური ასლანი აირჩია. საპრეზიდენტო კანდიდატის დასადგენად პრაიმერიზი რესპუბლიკურმა პარტიამ 23 მარტს გამართა. 14.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა იმამოღლუს კანდიდატურას.
"ეს მხრები ატარებენ ამ ტვირთს"
"მძინარე ერები ან კვდებიან, ან მონებად იღვიძებენ" (ათათურქი)
"დედა მე კრიმინალი მიყვარს"
"სასახლის სინათლეებს დავაბნელებთ"
"თუ ერთ დღეს უმწეო აღმოჩნდები, ნუ დაელოდები მხსნელს, შენი თავის მხსნელი თავად იყავი" (ათათურქი)
"სასახლეები თქვენია, ქუჩები ჩვენი", "პრეზიდენტი იმამოღლუ"
"Z-თაობამ, რომელსაც სახლში ჭიქაც კი არ აუწევია, ქვეყანა ასწია. ახალგაზრდობა იცავს საკუთარ მომავალს. გაიღვიძე"
ოპოზიციონერების გვარების მიხედვით
ერთგულები ვართ
თავისუფლები ვართ
დახვეწილად ვფიქრობთ
მთასავით ვართ
ნელ-ნელა მოვდივართ
ქემალ ათათურქის შვილები ვართ
"ახალგაზრდებს აღარაფერი დარჩენიათ, არც შიში"
"მოქმედება
იმამოღლუ"
"ათათურქის ახალგაზრდები აქ არიან, სამართალი სადაა?"
იხილეთ ასევე:
ავტორი: ნინო ზედგენიძე