"მე ბევრი წლის განმავლობაში ვიყავი თანამომხსენებელი საქართველოს შესახებ და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ის რეზოლუცია, რომელიც მინდოდა რომ ამ ასამბლეისთვის წარმედგინა. ეს არ არის ის დებატები, რომელიც მინდოდა მქონოდა ამ საგაზაფხულო სესიაზე. გახსოვთ, რომ იანვარში ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ და დაგმო პოლიციის სისასტიკე, რომელიც მათ გამოიჩინეს დემონსტრაციების დაშლისას და შეკრება-მანიფესტაციების უფლების დარღვევისას და ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევისას. სამწუხაროდ, სიტუაცია იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე ანგარიშის წარდგენა შეუძლებელია, პირიქით, უახლესი ინფორმაციით და ცნობებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და დემოკრატიული ოპოზიციისგან, სიტუაცია გაუარესდა...
რეზოლუციის პროექტში, რომელსაც აქ წარვადგენთ, ვაფასებთ საქართველოში, იანვარში, ჩვენი დებატების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება.
სიტუაცია ყველა ფრონტზე არსებითად გაუარესდა. არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა ასამბლეის მოწოდების შესასრულებლად, რომ დაუყოვნებლივ დაწყებულიყო ინკლუზიური პროცესი, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით ისეთი სარჩევნო გარემოს შესაქმნელად, რომელიც ხელშემწყობია ახალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებისთვის. პირიქით ჩვენს რეზოლუციაში ხაზგასმულია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი არაერთი ცვლილება, რომელიც ამ გარემოს დემოკრატიული არჩევნებისთვის კიდევ უფრო არახელსაყრელს ხდის. კვლავ განუწყვეტლივ გრძელდება დაპატიმრებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ. გრძელდება წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კვლავ გამოუძიებელია დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის შემთხვევები, ასევე გრძელდება დაუსჯელობა. შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობები. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს. უნდა შეწყდეს დრამატული დემოკრატიული უკუსვლა და ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს"
- ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე, მომხსენებელმა, პორტუგალიელმა პარლამენტარმა ედიტ ესტრელამ განაცხადა.