წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ოლიგარქის პროკურატურამ დაიბარა.
ნიკა გვარამია თბილისის პროკურატურაში დღეს, 17:30 საათზე უნდა მივიდეს, სადაც მას ბრალს წარუდგენენ.
"პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ცნობისთვის, იგივე მიზეზით დღეს ბრალი წარუდგინეს კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.