ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილი გაუშვას ხელისუფლებიდან - ოპოზიცია IPSOS-ის კვლევებზე

გამოქვეყნდა:

IPSOS-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 56% -ს 2020-ის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა სურს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხალხი ივანიშვილს და მის ხელისუფლებას აღარ ენდობა.

ოპოზიციონერი ლიდერებისთვის კვლევის შედეგები მოულოდნელი არ არის.

"ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამომრჩეველი კარგად აღიქვამს პოლიტიკურ ვითარებას, შესაბამისად მმართველ პარტიას რეიტინგები უმცირდება, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი იზრდება.

"ამომრჩეველს არანაირი ნდობა აღარ აქვს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, იმ მთავარი პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას და ეს არის სრული ეკონომიკური კრახი, სიღარიბე და ფაქტიურად განადგურებული სამომავლო პერსპექტივები. ამ ფონზე, ძალიან ლოგიკურია, რომ იზრდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მის გარშემო შექმნილი კოალიციების მხარდაჭერა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე წარმატებული რეფორმები განხორციელდა სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მართვის დროს.“ ამბობს სალომე სამადაშვილი.

ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილი გაუშვას ხელისუფლებიდან - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი კვლევის შედეგებს.

„გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი მომენტი, პირველი, რომ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი მიდის ქვემოთ და ეს არის შეუქცვადი პროცესი, რომ ჯამში  ოპოზიციის ხმები აჭარბებს “ქართული ოცნების„ ხმებს. რაც შეეხება „ევროპულ საქარველოს“ , ჩვენი რეიტინგი არის ორნიშნა და მიდის წინ. ცხადია, ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ამ რეიტინგის ასაწევად და ცხადია, რომ ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილი გაუშვას ხელისუფლებიდან“ - ამბობს ნადირაშვილი.

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომლის პარტიის რეიტინგმა 2 კვირაში საგრძნობლად მოიმატა, ამბობს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები ოპოზიციასთან წავა:

ყველა კვლევაში უცვლელი რიცხვი, გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებია, რომელთაც უნდათ ცვლილებები და მათი რიცხვი არის დაახლოებით 40 პროცენტამდე , რაც იქნება კონვერტირებული სწორედ ოპოზიციურ ხმებში და აქ ჩვენ ვიქნებით ლიდერები.“- ამბობს ხაზარაძე.

არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბრობენ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები:

„ქვეყანას მართავს ფულის მკეთებელთა გუნდი, შესაბამისად კიდევ უფრო ჩამოიშლება „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის რეიტინგი და საერთო ოპოზიციური ფლანგი აუცილებლად გაიმარჯვებს, კოალიციურად დავიწყებთ აღმშენებლობას და დავამარცხებთ სიღარიბეს“ - ამბობს გიორგი ვაშაძე

„ხელისუფლების რეიტინგის შემცირება, რომელსაც ლარის კურსი და COVID-ინფიცირებულთა რაოდენობა ერთად გაექცა კონტროლიდან, არ არის გასაოცარი. კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება არჩევნების შემდეგ სრულიად რეალისტურია“ - ამბობს ანზორ ბიწაძე

 "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი