გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატის თქმით, იოსებ გორგაძე გლდანის ციხიდან თავდაპირველად პენიტენციურმა ინსულტის ნიშნებით შეიყვანა, თუმცა კლინიკას ეს დიაგნოზი არ გაუფორმებია და სამედიცინო დასკვნებში ჩაიწერა, რომ პაციენტს თავის დაზიანება და სახის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა. მუხრან ღურწკაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში სცემეს და ახლა ამას მალავენ:
"გლდანის ნომერ მე-8 დაწესებულებამ, როდესაც ვივა მედში შეიყვანა იოსებ გორგაძე, შეიყვანა ინსულტის ნიშნებით. შემდეგ უკვე ვივა მედის კლინიკამ გასცა შესაბამისი დოკუმენტაცია, ფორმა 100-ები და სამედიცინო ისტორია, სადაც ინსულტი არ არის მოხსენიებული საერთოდ. მას ჰქონდა თავის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. ვინც ეს საზარელი ფაქტი ჩაიდინა, იმ ადამიანებს ხელს აფარებენ . ეს არის ფაქტი, რომ გამოძიებას ჯერჯერობით არაფერი არ დაუდგენია . ის კი არა, მუშაობენ იმ ვერსიაზე, რომ სავარაუდოდ ეს ადამიანი წაიქცა საპირფარეშოში შესვლის დროს და მიიღო დაზიანებები . წარმოუდგენელია სახის მიდამოში დაახლოებით 30 მოტეხილობა ჰქონდეს ადამიანს სიმაღლიდან ვარდნის შედეგად" [ფორმულა] ამბობს ადვოკატი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კი ყველანაირ ძალადობას უარყოფს და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გორგაძის "ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა", რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ვივა მედში კი ადასტურებენ, რომ ბრალდებული მათთან დაზიანებებით შეიყვანეს.
შეგახსენებთ, 46 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა "ვივა მედში" გლდანის მე-8 დაწესებულებიდან, მძიმე დაზიანებებით იანვარში გადაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში ის კომაში იმყოფებოდა და გასულ ღამეს გარდაიცვალა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.