ვინ იქნება შემდეგი პაპი | კონკლავი სიქსტეს კაპელაში ხვალ შეიკრიბება

გამოქვეყნდა:

რომის პაპის არჩევა და კონკლავი

რომის პაპის ასარჩევად კარდინალები 7 მაისს შეიკრიბებიან. ახალი პაპი უნდა აირჩიონ კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებმა, რომლებისგანაც შედგება კარდინალების კოლეგია. მათ უშუალოდ პაპი ნიშნავს და, როგორც წესი, ეპისკოპოსებად აკურთხებენ. გარდა ამისა, ყველა კარდინალი კაცია.

ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას მიიღებს 80 წლამდე ასაკის 133 კარდინალი, რომლებიც დებატებს გამართავენ. ამის შემდეგ ისინი ხმას მისცემენ სასურველ კანდიდატს მანამ, სანამ ერთი სახელი მათი ორი მესამედის მხარდაჭერას არ მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ კარდინალების 80% თავად პაპ ფრანცისკეს მიერ არის დანიშნული, მათი უმეტესობა პირველად ირჩევს პაპს. ისტორიაში პირველად, ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა ნახევარზე ნაკლები ევროპელი იქნება.

თავად კონკლავი ადგილობრივი დროით 16:30 საათზე, მე-15 საუკუნის სიქსტეს კაპელაში შეიკრიბება. ამასთან, ხმის მიცემა არაერთხელ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელებულა. უცნობია, შეძლებს თუ არა კონკლავი გადაწყვეტილების პირველივე დღესვე მიღებას. 

გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის კვამლი, რომელიც სიქსტეს კაპელის ზემოთ მდებარე ბუხრიდან ხმის მიცემისა და ბიულეტენის დაწვის შემდეგ გამოდის. თუ კვამლი შავია, ეს ნიშნავს, რომ კონკლავმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლო და კენჭისყრა გრძელდება. თუ საკვამურიდან თეთრი კვამლი გამოდის, ეს ახალი პაპის არჩევის ნიშანია.

ვინ იქნება შემდეგი პაპი?

პიეტრო პაროლინი

ეროვნება: იტალიელი

ასაკი: 70

იტალიელი კარდინალი პაროლინი ვატიკანის სახელმწიფო მდივანი იყო პაპ ფრანცისკეს დროს, რაც მას პაპის მთავარ მრჩევლად აქცევდა. ის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა. სახელმწიფო მდივანი ასევე ხელმძღვანელობს რომის კურიას, ეკლესიის ცენტრალურ ადმინისტრაციას. პაპის მოადგილედ ეფექტურად მოქმედების გამო, ის შეიძლება ფავორიტად ჩაითვალოს. ზოგიერთი პაროლინის დადებით მხარეებად აფასებს მის დიპლომატიასა და გლობალურ ხედვაზე ორიენტირებულობას. ამასთამ, ის აკრიტიკებდა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას მთელ მსოფლიოში და 2015 წელს ირლანდიის რესპუბლიკაში მის სასარგებლოდ მიღებულ მნიშვნელოვან კენჭისყრას "კაცობრიობის დამარცხება" უწოდა.

***

ლუის ანტონიო ტაგლე

ეროვნება: ფილიპინელი

ასაკი: 67

კარდინალ ტაგლეს ათწლეულების განმავლობაში სამწყსო გამოცდილება აქვს - რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხალხში აქტიური ეკლესიის ლიდერი იყო და არა ვატიკანის დიპლომატი ან ეკლესიის სამართლის საიდუმლო ექსპერტი. ეკლესიას უდიდესი გავლენა აქვს ფილიპინებში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 80% კათოლიკეა. ქვეყანას ამჟამად კარდინალების კოლეჯში რეკორდული 5 წევრი ჰყავს - რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ლობისტური ფრაქციის შექმნას ნიშნავდეს, თუ ისინი ყველა კარდინალ ტაგლეს დაუჭერენ მხარს. კათოლიკური გაგებით, ის ზომიერად ითვლება და მას "აზიელ ფრანცისკეს" უწოდებენ სოციალური საკითხებისადმი ერთგულებისა და მიგრანტების მიმართ სიმპათიის გამო, რაც მას გარდაცვლილ პაპთან ერთად ჰქონდა. ის ეწინააღმდეგებოდა აბორტის უფლებას და მას "მკვლელობის ფორმას" უწოდებდა. ის ასევე ეწინააღმდეგებოდა ევთანაზიას. თუმცა, 2015 წელს, როდესაც ის მანილას მთავარეპისკოპოსი იყო, კარდინალმა ტაგლემ მოუწოდა ეკლესიას, გადაეხედა თავისი "მკაცრი" პოზიცია გეი ადამიანების, განქორწინებულებისა და მარტოხელა დედების მიმართ და თქვა, რომ წარსულმა სისასტიკემ ხანგრძლივი ზიანი მიაყენა ადამიანებს და "დაკნინების" შეგრძნება დატოვა და რომ თითოეული ინდივიდი იმსახურებდა თანაგრძნობას და პატივისცემას. კარდინალი პაპის კანდიდატად ჯერ კიდევ 2013 წლის კონკლავში განიხილებოდა, სადაც ფრანცისკე აირჩიეს.

***

რობერტ პრევოსტი

ეროვნება: ამერიკელი

ასაკი: 69

მიიჩნევა, რომ ჩიკაგოში დაბადებულ კარდინალს ყველა საჭირო თვისება აქვს იმისთვის, რომ რომის პაპი გახდეს. 2 წლის წინ პაპმა ფრანცისკემ პრევოსტი ვატიკანის ეპისკოპოსთა დიკასტერიის (საეკლესიო მმართველობის ორგანო, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ახორციელებდა) პრეფექტად, მარკ უელეტის შესაცვლელად აირჩია და მას ეპისკოპოსების შემდეგი თაობის შერჩევის ამოცანა დააკისრა. ის მრავალი წლის განმავლობაში პერუში მისიონერად მუშაობდა, სანამ იქ მთავარეპისკოპოსად დაინიშნებოდა. ამასთან, პრევოსტი ლათინური ამერიკის პონტიფიკალურ კომისიას ხელმძღვანელობდა. მას რეფორმატორად მიიჩნევენ, მაგრამ 69 წლის ასაკში შესაძლოა პაპობისთვის ძალიან ახალგაზრდად ჩათვალონ - მაგრამ არჩევის შემთხვევაში ისტორიაში პირველად რომის პაპი ამერიკელი იქნება.

***

პიტერ კოდვო აპია ტურქსონი

ეროვნება: განელი

ასაკი: 76

არჩევის შემთხვევაში ტურქსონი იქნება პირველი აფრიკელი რომის პაპი. ის იყო პირველი განაელი, რომელიც 2003 წელს, პაპ იოანე პავლე II-ის დროს კარდინალად დაინიშნა. კარდინალ ტაგლეს მსგავსად, კარდინალი ტურქსონი პოტენციურ პაპად მიიჩნეოდა 10 წლის წინ, როდესაც ფრანცისკე აირჩიეს. გიტარისტი, რომელიც ერთ დროს პანკ ჯგუფში უკრავდა, კარდინალი ტურქსონი ცნობილია თავისი ენერგიულობით. აფრიკიდან ჩამოსული მრავალი კარდინალის მსგავსად, ის კონსერვატიულ მიდგომებს ირჩევს. თუმცა, ის ეწინააღმდეგებოდა გეი ურთიერთობების კრიმინალიზაციას აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის მის მშობლიურ განაში.

***

ფრიდოლინ ამბონგო ბესუნგუ

ეროვნება: კონგოელი

ასაკი: 65

სავსებით შესაძლებელია, რომ შემდეგი პაპი აფრიკიდან იყოს, სადაც კათოლიკური ეკლესია მილიონობით წევრს აერთიანებს. კარდინალი ამბონგო წამყვანი კანდიდატია, წარმოშობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (DRC). ის 7 წელია კინშასას მთავარეპისკოპოსი იყო და პაპმა ფრანცისკემ კარდინალად დანიშნა. ის კულტურული კონსერვატორია, რომელიც ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინების კურთხევას. კარდინალი ამბონგო ეკლესიის მხურვალე დამცველად ითვლება.

***

პეტერ ერდო

ეროვნება: უნგრელი

ასაკი: 72

პეტერ ერდო 51 წლის ასაკიდან კარდინალია და ევროპის ეკლესიაში მაღალი შეფასებით სარგებლობს. 2006 წლიდან 2016 წლამდე ორჯერ ხელმძღვანელობდა ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციების საბჭოს. ის კარგად ცნობილია აფრიკელ კარდინალებში და კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობებზე მუშაობდა. ბუდაპეშტის მთავარეპისკოპოსი კომუნიზმის დროს, კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა და პოტენციურ კომპრომისულ კანდიდატად მიიჩნევა. ერდომმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პაპ ფრანცისკეს უნგრეთში 2021 და 2023 წლებში ორ ვიზიტში და ის იყო იმ კონკლავების წევრი, რომლებმაც ფრანცისკე და მისი წინამორბედი პაპი ბენედიქტი აირჩიეს. მისმა კონსერვატიულმა შეხედულებებმა ოჯახის შესახებ ეკლესიის ნაწილის მოწონება დაიმსახურა. 2015 წელს ევროპაში მიგრანტთა კრიზისის დროს მან თქვა, რომ ეკლესია არ მიიღებდა მიგრანტებს, რადგან ეს მისი აზრით, ადამიანებით ვაჭრობის ტოლფასი იყო.

***

მარიო გრეკი

ეროვნება: მალტელი

ასაკი: 68

თუ კარდინალები ეძებენ კანდიდატს, რომელიც წინ წაწევს პაპ ფრანცისკეს ერთ-ერთ მთავარ მიზანს - რიგითი კათოლიკეებისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას - მათ შეუძლიათ მიმართონ კარდინალ გრეკს. პაპმა ფრანცისკემ ის 2019 წელს ეპისკოპოსთა სინოდის გენერალურ მდივნად დანიშნა. ამ როლში კარდინალმა გრეკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პაპის ხედვის განხორციელებაში, რომელიც მთელი მსოფლიოს ცალკეული მორწმუნეების მოსაზრებების ეკლესიის მმართველობაში ინტეგრირებას გულისხმობდა. პაპის მსგავსად, რომელთანაც ის მჭიდროდ თანამშრომლობდა, გრეკი ცნობილია იმით, რომ სოციალურ საკითხებზე მისი შეხედულებების შემუშავების გზას გაჰყვა.

***

მატეო ძუპი

ეროვნება: იტალიელი

ასაკი: 69

ბოლონიის მთავარეპისკოპოსი რომში გაიზარდა და მალევე გახდა "სანტ-ეჯიდიოს თემის" წევრი (საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ღარიბებსა და მარგინალიზებულებზეა ორიენტირებული). მან ხელი შეუწყო მოზამბიკის 15-წლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას 1990 წელს და მონაწილეობა მიიღო გვატემალასა და ბურუნდიში შემდგომ შუამავლობის ძალისხმევებში. 2019 წელს, კარდინალის წოდების შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ [მის სახელმწიფო მდივან პიეტრო პაროლინიზე ადრე] - აირჩია იგი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელჩად. ის ეწვია კიევსა და მოსკოვს და რუსეთის მიერ გატაცებული 19 000 უკრაინელი ბავშვის გათავისუფლება მოითხოვა. მან დაწერა 2018 წლის წიგნის შესავალი, რომელშიც ეკლესიას მოუწოდებდა ლგბტ კათოლიკეებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ.

***

ჯოზეფ ტობინი

ეროვნება: ამერიკელი

ასაკი: 73

ტობინი დეტროიტში დაიბადა და 13 შვილიდან ყველაზე უფროსია. ნიუარკის მთავარეპისკოპოსი კარგად არის ცნობილი და პოპულარულია კარდინალებს შორის. იგი ითვლება ფრანცისკეს შეხედულებების მტკიცე მხარდამჭერად და გამაერთიანებელ ფიგურად მიიჩნევა. მან წარსულში აშშ-ში პოლიტიკური პოლარიზაცია დაგმო. ბოლო წლებში მან განაცხადა, რომ ეკლესია უნდა მიესალმოს ერთსქესიან წყვილებს და ასევე თქვა, რომ ვერ ხედავს "დამაჯერებელ თეოლოგიურ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება პაპმა ქალი კარდინალი დანიშნოს". პაპმა ბენედიქტმა ის ვატიკანის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნა, რომელიც რელიგიურ ორდენებთან და მათ კრებებთან მუშაობს. ტობინი ასევე რელიგიურ კრებას ხელმძღვანელობდა. სანამ ფრანცისკე მას კარდინალად დანიშნავდა ის ინდიანაპოლისის მთავარეპისკოპოსი იყო.

***

ანჯელო სკოლა

ეროვნება: იტალიელი

ასაკი: 83

2013 წელს [როდესაც ფრანცისკემ აირჩიეს], მილანის ყოფილი მთავარეპისკოპოსი ფავორიტ კანდიდატად ითვლებოდა. მისი სახელი კონკლავის წინ კვლავ აქტუალური გახდა, რადგან ამ კვირაში ის სიბერეზე დაწერილ წიგნს აქვეყნებს. წიგნში წარმოდგენილია წინასიტყვაობა, რომელიც პაპმა ფრანცისკემ საავადმყოფოში მოთავსებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა, სადაც ნათქვამია: "სიკვდილი ყველაფრის დასასრული არ არის, არამედ რაღაცის დასაწყისია". თუმცა კარდინალების კოლეგია შესაძლოა სიბერეზე მისი ფოკუსირება ახალი პაპისთვის იდეალურად არ მიიჩნიოს. აღსანიშნავია, რომ თავად სკოლა კონკლავის დროს, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან 80 წელს გადაცილებულია.

***

რაინჰარდ მარქსი

ეროვნება: გერმანელი

ასაკი: 71

გერმანიის უმაღლესი კათოლიკე სასულიერო პირი. ის ასევე ვატიკანის ინსაიდერიცაა. მიუნხენისა და ფრაიზინგის მთავარეპისკოპოსი მრჩევლად აირჩიეს, როდესაც ფრანცისკე 2013 წელს პაპი გახდა. 10 წლის განმავლობაში ის პაპს ეკლესიის რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევდა და დღემდე ვატიკანის ფინანსურ რეფორმას ზედამხედველობს. ის კათოლიკურ სწავლებაში ჰომოსექსუალების ან ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ უფრო შემწყნარებელი მიდგომის მომხრე იყო. 2021 წელს მას თანამდებობის დატოვება სურდა, რადგან მიიჩნევდა, რომ გერმანიის კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით ბევრი შეცდომა დაუშვა. ფრანცისკემ მის გადადგომას ხელი არ მოაწერა. 2 წლის წინ მან დატოვა კარდინალთა საბჭო - პაპის ყველაზე მნიშვნელოვანი საკონსულტაციო ორგანო, რაც გერმანიაში მისი საეკლესიო კარიერისთვის უკან დახევად მიიჩნევა.

***

პიერბატისტა პიცაბალა

ეროვნება: იტალიელი

ასაკი: 60

25 წლის ასაკში იტალიაში ხელდასხმული პიცაბალა მალევე იერუსალიმში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. 5 წლის წინ პაპმა ფრანცისკემ ის იერუსალიმის ლათინურ პატრიარქად დანიშნა, მოგვიანებით კი კარდინალად. პიცაბალა პალესტინელებისა და ისრაელელების გაგებით გამოირჩევა. მიიჩნევა, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის შექმნის აუცილებლობა არსებობს და პიცაბალას უნარი, ჩაერთოს რელიგიათაშორის დიალოგში, შესაძლოა მისი კანდიდატურის სასარგებლოდ მეტყველებდეს. ამასთან, ზოგიერთის აზრით პიცაბალას ახალგაზრდა ასაკმა შესაძლოა მის წინააღმდეგ იმუშაოს.

***

მარკ უელეტი

ეროვნება: კანადელი

ასაკი: 80

კარდინალი უელეტი ორჯერ განიხილებოდა პაპის პოტენციურ კანდიდატად, 2005 და 2013 წლებში. წლების განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა ვატიკანის ეპისკოპოსთა დიკასტერიას, რომელიც მთელ მსოფლიოში ეპისკოპოსობის კანდიდატებს ირჩევს, ამიტომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კათოლიკური იერარქიის მომავალი წევრების შერჩევაში. როგორც კიდევ ერთი 80 წელს გადაცილებული კარდინალი, ის ვერ შეძლებს კონკლავში მონაწილეობას, რამაც შეიძლება შეამციროს მისი შანსები. უელეტი თანამედროვე ხედვის მქონე კონსერვატორად მიიჩნევა, რომელიც კატეგორიულად უჭერს მხარს მღვდლებისთვის ცელიბატის პრინციპის შენარჩუნებას. ის ეწინააღმდეგება ქალი მღვდლების ხელდასმას, მაგრამ მოუწოდებს ქალებს უფრო მეტი როლი ჰქონდეთ კათოლიკური ეკლესიის მართვაში.

***

რობერტ სარა

ეროვნება: გვინეელი

ასაკი: 79

კარდინალი სარა ეკლესიის კონსერვატორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ცნობილია დოქტრინისა და ტრადიციული ლიტურგიისადმი ერთგულებით და ხშირად მას პაპ ფრანცისკეს რეფორმისტული მიდრეკილებების მოწინააღმდეგედ მიიჩნევდნენ. ხილის მკრეფის შვილი, სარა, 34 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მთავარეპისკოპოსი გახდა, როდესაც პაპმა იოანე პავლე II-მ გვინეის კონაკრში [გვინეის დედაქალაქი] პრელატად დანიშნა. მას ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა - 2021 წელს პენსიაზე გავიდა ვატიკანის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ლიტურგიკულ რიტუალებს ზედამხედველობს. მიუხედავად იმისა, რომ პაპობის ფავორიტად არ ითვლება, მას შეუძლია კონსერვატიული კარდინალების ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვოს.

***

ჟან-მარკ აველინი

ეროვნება: ფრანგი

ასაკი: 66

1378 წელს, გრიგოლ XI-ის გარდაცვალების შემდეგ, პაპის ტახტი ფრანგ კარდინალს აღარ დაუკავებია. მიუხედავად იმისა, რომ ალჟირში საფრანგეთის კოლონიური მმართველობის დროს დაიბადა, აველინი საფრანგეთის მეორე ქალაქში, მარსელში გაიზარდა, სადაც მოგვიანებით მთავარეპისკოპოსი გახდა. მისი რბილი მიდგომა მიგრანტების მიმართ პაპ ფრანცისკეს პოლიტიკას ემთხვეოდა. აველინმა ასევე დააარსა რელიგიების, მეცნიერებისა და თეოლოგიის ინსტიტუტი მარსელში და ხელი შეუწყო დიალოგს ისლამთან და იუდაიზმთან. ის გამოვიდა მარსელის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემის, ნარკოტიკებით ვაჭრობის ქსელების წინააღმდეგ.

***

ჩარლზ მაუნგ ბო

ეროვნება: მიანმარელი

ასაკი: 76

კიდევ ერთი აზიელი კარდინალი, რომელიც ერთ-ერთ ძლიერ კანდიდატად მიიჩნევა - მაუნგ ბო დედამ დიდ ოჯახში გაზარდა - ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1.3% კათოლიკეა. ის ორი ვადის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აზიის ეპისკოპოსებს და ფრანცისკესთან დაახლოებულად მიიჩნეოდა, რომელმაც ის მიანმის პირველ კარდინალად დაასახელა. მაუნგ ბო მიიჩნევს, რომ მიანმამ თავისი მრავალფეროვნება უნდა აღნიშნოს.

***

მაიკლ ჩერნი

ეროვნება: კანადელი

ასაკი: 78

მაიკლ ჩერნი კარდინალად პაპმა ფრანცისკემ დანიშნა და მის მსგავსად იეზუიტია - კათოლიკური ეკლესიის წამყვანი ორდენი, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში საქველმოქმედო და მისიონერული საქმიანობით. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, მისი ოჯახი კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც ის 2 წლის იყო. ის ფართოდ მუშაობდა ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში, სადაც აფრიკელი იეზუიტების დახმარების ქსელი დააარსა და კენიაში ასწავლიდა. ჩერნი პოპულარულია ეკლესიის პროგრესულ წრეებში და პაპ ფრანცისკესთან დაახლოებულ ადამიანად მიიჩნევა. ამჟამად ის ვატიკანის ადამიანის ინტეგრალური განვითარების ხელშეწყობის დიკასტერიის ხელმძღვანელია.

***

როგორ ხდება ახალი პაპის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება?

თეთრი კვამლის გამოჩენიდან 1 საათის განმავლობაში, ახალი პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებთან, აივანზე გამოდის. კონკლავში მონაწილე უფროსი კარდინალი გადაწყვეტილებას სიტყვებით "Habemus Papam" აცხადებს, რაც ლათინურად ნიშნავს - "ჩვენ გვყავს მამა". შემდეგ ის ასახელებს ახალი პაპის სახელს, რომელიც მან თავისი პონტიფიკატისთვის აირჩია - ეს შეიძლება იყოს მისი ნამდვილი სახელი ან ახალი.

ვის შეუძლია გახდეს პაპი?

თეორიულად, პაპობის კანდიდატად შეიძლება ნებისმიერი მონათლული კათოლიკე კაცი განიხილებოდეს. ყველაზე ხშირად, კარდინალები ევროპელებს ირჩევენ - განსაკუთრებით კი იტალიელებს. დღემდე არჩეული 266 პაპიდან 217 იტალიიდან იყო.

რომის პაპი ფრანცისკე  88 წლის ასაკში, 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს დაკრძალეს. ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა

მასალა მომზადებულია BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი