დასავლელი ჟურნალისტები, პუტინის ღამის განცხადების შესახებ, რომელმაც უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა, პირველ შეფასებებს აქვეყნებენ.
პუტინმა უარყო ევროპული ქვეყნების შეთავაზება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც გავლენიანი გამოცემების წარმომადგენლების აზრით, პუტინის მხრიდან, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და უკრაინასა და მის მოკავშირეებს რთულ მდგომარეობაში აყენებს.
Financial Times-ის ჟურნალისტი მაქს სედონი:
„ეს ჰგავს მცდელობას, აჩვენონ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა უკრაინის ბრალია, მას შემდეგ, რაც აშშ-მ გააკრიტიკა რუსეთის შეუპოვრობა და რუსეთმა უარყო უკრაინის შეთავაზება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“.
Build-ის გაზეთის რეპორტიორი პოლ რონცჰაიმერი:
„მიუხედავად იმისა, რომ [პუტინმა] სრულად უარყო ცეცხლის შეწყვეტა, ის (განსაკუთრებით ტრამპის ახლო წრის თვალში) ისეთ ადამიანად გამოიყურება, რომელსაც რეალურად სურს მშვიდობა. ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს შეფერხება/ბრალდების გადატანის ტაქტიკა. ტრამპს უფრო მეტად აინტერესებს თავისი სავარაუდო მიღწევების შესახებ საუბარი, ვიდრე მისი რეალური შედეგები. თუ ყველაზე ძლიერი ევროპული ქვეყნები და აშშ სერიოზულად უყურებენ შაბათს გაკეთებულ განცხადებებს, სანქციები ორშაბათს უნდა დაწესდეს“.
„ეკონომისტის“ მიმომხილველი შაშანკ ჯოში:
„პუტინმა უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან უგულებელყო ტრამპი და 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა. ბურთი ახლა მთლიანად ტრამპის მოედანზეა, რათა ნახოს, ნამდვილად სურს თუ არა მას შემდეგი ნაბიჯის გადადგმა“.
მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით.
გუშინ, 10 მაისს, კიევში ჩასული 4 ევროპული ქვეყნის ლიდერებმა [საფრანგეთის პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერი, პოლონეთის პრემიერი და გერმანიის კანცლერი] უკრაინასთან ერთად, ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელიც რუსეთისგან, 12 მაისიდან, 30 დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რამაც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას უნდა შეუწყოს ხელი.
პუტინმა გვიან ღამით განცხადება გააკეთა, თუმცა 30 დღიან ზავზე არაფერი უთქვამს, რითაც ეს წინადადება ფაქტობრივად უარყო და ოფიციალურ კიევს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა - სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება, წინაპირობების გარეშე.