ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი განცხადება პუტინის შეთავაზების შემდეგ - უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობად ცეცხლის შეწყვეტას ასახელებს
"ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ რუსები საბოლოოდ ფიქრობენ ომის დასრულებაზე. მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ამას ელოდება. ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა.
მკვლელობების გაგრძელებას აზრი არ აქვს თუნდაც ერთი დღით. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის დადასტურებას - სრულს, ხანგრძლივს და საიმედოს - ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად იქნება შეხვედრისთვის." წერს ზელენსკი.
გუშინ, 10 მაისს, კიევში ჩასული 4 ევროპული ქვეყნის ლიდერებმა [საფრანგეთის პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერი, პოლონეთის პრემიერი და გერმანიის კანცლერი] უკრაინასთან ერთად, ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელიც რუსეთისგან, 12 მაისიდან, 30 დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რამაც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას უნდა შეუწყოს ხელი.
პუტინმა გვიან ღამით განცხადება გააკეთა, თუმცა 30 დღიან ზავზე არაფერი უთქვამს, რითაც ეს წინადადება ფაქტობრივად უარყო და ოფიციალურ კიევს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა - სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება, წინაპირობების გარეშე.