8 პოლიტპატიმრის სასამართლო 23 მაისს გაგრძელდება | რა თქვეს დაზარალებულად ცნობილმა მოწმე პოლიციელებმა დღეს?

გამოქვეყნდა:

8 პოლიტპატიმრის საქმეზე სასამართლო პროცესი 23 მაისს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე 5 მოწმე გამოიკითხა, ყველა პოლიციელი. წინა სხდომების ჩათვლით, ჯამში 10 პოლიციელია გამოკითხული.

დღეს გამოიკითხნენ ნიკოლოზ ხურცილავა, ივანე კაპანაძე, ნიკოლოზ მანჯავიძე, საბა ნაბახტეველი და ლაშა იუღლიშვილი. ყველა მათგანს დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა როგორც გაირკვა, ზოგს დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე არ აქვს ხელი მოწერილი, ზოგის "სისხლით დასვრილი" სამოსი კი ნივთმტკიცებად არც კი ამოუღიათ. 

"აქეთ პოლიციელები ვიყავით მოქალაქეებისგან დასაცავი; არ ვიცი, ვისი ნასროლი მომხვდა. ზვიად ცეცხლაძე ვერ გეტყვით იქ იყო თუ არა" - თქვა ნიკოლოზ ხურცილავამ

„სახლში მაქვს, ზედ რაიმე კვალი დიდი ალბათობით აღარ არის“ - თქვა ივანე კაპანაძემ, რომელმა "სისხლით დასვრილი" სამოსი ნივთმტკიცებად პოლიციაში არ მიიტანა.

"ან სახლში იქნება, ან ნაგავში“ - თქვა ნიკოლოზ მანჯავიძემ ასევე პოლიციის ფორმაზე, რომელიც 28 ნოემბრის აქციაზე ეცვა და მისივე თქმით, დასვრილი იყო, თუმცა "სისხლით თუ სხვა რაიმეთი", არ იცის, თუმცა ამბობს, რომ  „ხელი დაესვარა“ სისხლით.

მოწმე საბა ნაბახტეველმა დაადასტურა, რომ დაამახსოვრდებოდა ძალადობის ორგანიზებას რომ შესწრებოდა - „მივაწვეთ, ასე ვქნათ, ისე ვქნათ, - ესენი მესმოდა, ეს თუ არის ძალადობის ორგანიზება, მაშინ მესმოდა, თუ არა და არა“, - თქვა მოწმემ. ნაბახტეველის თქმით, ჭიჭინაძის ქუჩაზე იდგა, როცა სახის არეში ქვა მოხვდა.

მორიგმა მოწმე პოლიციელმა ლაშა იუღლიშვილმა ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილს დაუდასტურა, რომ მას აქვს დაზიანების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც პროკურატურას მისი ტელეფონიდან არ გამოუთხოვია. 

ადვოკატმა სასამართლოს პოლიციელის ტელეფონიდან, აღნიშნული ფოტოს გამოთხოვის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი