საგამოძიებო უწყებაში თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი დაკითხეს, რომელმაც 18 სექტემბერს თვითმკველობა სცადა. გიორგი ხუმარაშვილის თქმით, საქმის მთავარი ფიგურანტი თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაურია, რომელიც მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. ბექაური მემუქრებოდა კიდეც და მეუბნებოდა, რა მომივიდოდა მეჭიაურის წასვლის შემდეგ. მთხოვდა ინფორმაციას, თუ სად გადაადგილდებოდა ბატონი თამაზი, რას ვაკეთებდით და რას ვგეგმავდით სამომავლოდ. მიმიყვანა იმ ზომამდე, რომ თვითმკვლელობა ვცადე - ამბობს გიორგი ხუმარაშვილი.
თავის მხრივ, ხუმარაშვილის ადვოკატი, გელა ჩივაძე გამოძიებისგან სწორ სამართლებრივ შეფასებებს ელოდება. მას იმედი აქვს, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.
ცნობისთვის, გიორგი ხუმარაშვილის ჩვენებების შედეგად, გამოძიებამ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს და დამნაშავეს ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენოს. ამჟამად კი საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ 22 წლის გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. კომიდან ის 23 სექტემბერს გამოვიდა.