ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ზეპირი მოსმენის გარეშე, ძალაში დატოვა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ამით მესამე პრეზიდენტს სააპელაციო განხილვის უფლება წაერთვა. სააპელაციომ გადაწყვეტილება 16 მაისს მიიღო:
"მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელები მოსამართლემ შეკრიბა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით, შეკრიბა უპრეცედენტოდ და მიხეილ სააკაშვილს საბოლოო სასჯელად განუსაზღვრა 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გვქონდა დასაბუთებული მთელი რიგი არგუმენტაციით, მათ შორის ეს არგუმენტაცია ეყრდნობოდა არამხოლოდ ჩვენს იურიდიულ პოზიციას, არამედ სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომ მსგავსი წესით და მსგავსი ოდენობით სასჯელთა შეკრება არ ხდება და ამავე დროს გვქონდა მნიშვნელოვანი არგუმენტები ბრალთან დაკავშირებით თუ რატომ არ შეიძლება, რომ ეს ქმედება ბრალეულ ქმედებად ყოფილიყო შეფასებული და ნაცვლად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომები, ყოფილიყო მხარეთა შორის პაექრობა, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში და მსგავსი ტიპის საქმეზე ასევე უპრეცედენტოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, ანუ მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება ფაქტობრივად წაერთვა, რადგან სააპელაციო სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის, მსჯელობის, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა მოსამართლე მამისეიშვილმა მოგვისპო. ირონიულია ის ფაქტიც, რომ ამავე მოსამართლემ უნდა განიხილოს “პიჯაკების” საქმე სააპელაციო სასამართლოში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილი ელემენტარული საპროცესო უფლებებით ვერ სარგებლობს.” - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე ოლიგარქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შეკრებითობით - 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა.