ნეონაცისტური „მკვლელობის კულტის“ ქართველი მეთაური მოლდოვიდან აშშ-ში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

მოლდოვიდან აშშ-ში აღმოსავლეთ ევროპული ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერის მიხეილ ჩხიკვიშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

21 წლის, წარმოშობით ქართველი ჩხიკვიშვილი გასულ ზაფხულს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის, პირს, რომელიც ფარული ფედერალური აგენტი იყო, სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმისა და ებრაელი ბავშვებისთვის და რასობრივი უმცირესობებისთვის მოწამლული ტკბილეულის დარიგების დავალებას აძლევდა.

მასობრივი ძალადობის აქტებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ბრალდებით ჩხიკვიშვილი ბრუკლინში ფედერალური მოსამართლის წინაშე 23 მაისს წარსდგა.

მიხეილ ჩხიკვიშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მისი ადვოკატი სემუელ გრეგორი თავისი კლიენტისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას და სუიციდის პრევენციის მიზნით, მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანას ითხოვს.

ჩხიკვიშვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ყასაბი მეთაური, პროკურორებმა დაახასიათეს, როგორც მანიაკური მკვლელობის კულტის, საერთაშორისო ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი, რომელიც იცავს „ნეონაცისტურ აქსელერაციონისტულ იდეოლოგიას და ხელს უწყობს ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემის და სხვა ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი „არასასურველებად“ მიიჩნევენ.“

პროკურორების თქმით, ჯგუფის ძალადობრივი მოწოდებები, რომლებიც ტელეგრამ-არხების მეშვეობით ვრცელდებოდა და ასევე გამოქვეყნებული იყო მანიფესტში "კაცთმოძულის სახელმძღვანელო", როგორც ჩანს, რეალურ ცხოვრებაში მრავალი მკვლელობის შთაგონების წყარო გახდა, მათ შორისაა წელს ნეშვილში, ტენესის შტატში, სკოლაში სროლა, რომლის შედეგადაც 16 წლის მოსწავლე დაიღუპა.

2022 წლიდან ჩხიკვიშვილი რამდენჯერმე იმყოფებოდა ბრუკლინში, სადაც მან სიამაყით ისაუბრა ხანდაზმული ებრაელი მამაკაცის ცემასთან დაკავშირებით და სხვებს, ძირითადად ტექსტური შეტყობინებებით, მანიაკური მკვლელობის კულტის სახელით ძალადობრივი ქმედებების ჩადენა დაავალა. როდესაც 2023 წელს მას FBI-ის ფარული აგენტი დაუკავშირდა, ჩხიკვიშვილმა ეს პირი ჩართო სქემაში, რომელიც „გულისხმობდა სანტა კლაუსის კოსტიუმში გამოწყობილი პირის მიერ ბრუკლინის ებრაულ სკოლებში რასობრივი უმცირესობებისა და ბავშვებისთვის მომწამვლელი ტკბილეულის დარიგებას“.

მასობრივი მსხვერპლით თავდასხმის განხორციელების სურვილის აღწერისას, ჩხიკვიშვილმა თქვა, რომ ის შეერთებულ შტატებში ამის დიდ პოტენციალს ხედავდა,  ცეცხლსასროლ იარაღზე ხელმისაწვდომობის გამო. ასევე მისი თქმით, მიზანში უნდა ამოიღონ უსახლკარო ადამიანებიც, რადგან ისინი მთავრობას არ აინტერესებს, მაშინაც კი თუ დაიღუპებიან.

ჩხიკვიშვილი მოლდოვაში 2024 წლის ივლისში დააკავეს, სადაც 2025 წლის მაისამდე იმყოფებოდა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი