ივერი მელაშვილის დაკავებას პოლიტიკოსები ფეისბუქზე ეხმიანებიან. ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ელენე ხოშტარია წერს, რომ ის 19:00-ზე დღეს პროკურატურასთან მივა "წესიერი ადამიანების დაჭერის გასაპროტესტებლად!".
რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი კი, ფეისბუქზე წერს, რომ "მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა...საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით".
ბერძენიშვილი ასევე წერს, რომ "არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც." და აქვე პოლიტიკოსი, ხელისუფლებას მიმართავს შეკითხვით - "რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს?"
დაკავებას გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნუგზარ წიკლაურიც, რომელიც წერს, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ამ საქმეში. ამასთან წიკლაური წერს: "დაკავებულია ცინიკური ბრალდებით ერთადერთი მიზნით: თეთრზე შავი თქვას ბოლშევიკების ტყვეობიდან თავის დასახსნელად და ხელი ჩვენსკენ გამოიშვიროს."
ცნობისთვის, ივერი მელაშვილის დაკავებაზე სტატუსი ასევე დაწერა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა. ნიკა გვარამია წერს, რომ მეცნიერი აბსურდული და მოგონილი ბრალდებით დააკავა არაფორმალურმა მმართველმა და ამას ივანიშვილი აკეთებს, იმისთვის, რომ გაუსწორდეს მიხეილ სააკაშვილს.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი დღეს დააკავეს, 2 ოქტომბერს კი თავად ბრალდებული ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა.