
ლავორვის უწყება აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან ჟენევის დისკუსიების ფორმატის 51-ე რაუნდის ჩაშლაში რუსეთის დადანაშაულება უსაფუძვლო და პოლიტიზირებულია. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი საქართველოსთან დიალოგზე, მათ შორის არც ჟენევის დისკუსიების ფორმატში.
ჩვენი მისამართით გამოთქმული ბრალდება ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდის გადადების შესახებ აბსოლუტურად უსაფუძვლო და პოლიტიზირებულია. სამწუხაროა, რომ თბილისში ანტირუსული კარტის გათამაშების მცდელობას არ ეშვებიან, რაც ნათელია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო ხდება. რუსულ მხარეს საქართველოსთან დიალოგზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატში უარი არასოდეს უთქვამს, - ამბობს მარია ზახაროვა
მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. არჩილ თალაკვაძემ მარია ზახაროვას განცხადებას ცინიკური უწოდა და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდა. ასევე იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ჟენევის ფორმატში მუშაობას კვლავ გააგრძელებენ.