27 სექტემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, მოვლენები სულ უფრო სწრაფად და ტრაგიკულად ვითარდება.
„მთავარი“ ყოველი დღის ბოლოს შემაჯამებელ აღწერას განახლების რეჟიმში გამოაქვეყნებს, რომელიც ორი დაპირისპირებული ქვეყნის ოფიციალური პირების, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ჩინოვნიკებისა და სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და ინფორმაციაზე იქნება დაფუძნებული.
7 ოქტომბერი, დაპირისპირების მეთერთმეტე დღე
7 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის ელჩის ინიციატივით მოხდა მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ხანმოკლე საუბრის დროს იგი შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას.
რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ინფორმაციას კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს. ვლადიმერ პუტინთან საუბარს საკუთარ Twitter-ზე ადასტურებს ილჰამ ალიევიც.
ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი სომხეთთან მიმართებაში ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებს. სომხეთი სამხედრო გაერთიანება "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" (CSTO) წევრია, რაც რუსეთს მის წინაშე გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.
სომხეთის ცნობით, ყარაბაღის სამხედრო ძალებმა აზერბაიჯანის არმიის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი დიდი მარაგი გაანადგურა. ვიდეოს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი, Twitter-ზე ავრცელებს.სტეფანიანის თქმით, აზერბაიჯანი მთელი ღამის განმავლობაში ჯებრაილის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდა, მაგრამ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი ზუსტი სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლით შეაკავა.
მთავარი არხის გადამღები ჯგუფი აზერბაიჯანში დღეს ორი სარაკეტო საარტილერიო შეტევის ადგილზე იმყოფებოდა. ყარაბაღის არმიის სამიზნეები დღეს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ქალაქი ტერტერი გახდნენ. სარაკეტო იერიშმა ნავთობსადენი არ დააზიანა. რამდენიმე ათეული ჭურვის აფეთქების შემდეგ კი ქალაქი ტერტერი მოსახლეობამ დატოვა.