გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს ხანგოშვილის მკვლელობის მოწმეებს დაკითხავენ.
საქმეზე ბრალდებული ვადიმ კრასიკოვია, თუმცა ის გერმანიაში რუსეთის პასპორტით ჩავიდა, რომელიც ვადიმ სოკოლოვის სახელზეა გაცემული. გამოძიება გამორიცხავს, რომ კრასიკოვი მარტო მოქმედებდა. სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით, უცნობი მესამე მხარის გამოსავლენად ფედერალურმა პროკურატურამ ცალკე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ზელიმხან ხანგოშვილის საქმის პროკურორი ამბობს, ხანგოშვილის მკვლელობა იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომლის უკანაც რუსეთის ხელისუფლება დგას.
წარმოშობით ჩეჩენი საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ბრალდებულს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებმა დაუკვეთეს. რუსეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ხანგოშვილი სახელმწიფოს მტერი იყო, რადგან ის ჩეჩნეთის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, - ამბობს საქმის პროკურორი
ადგილობრივი მედიის ცნობით, გერმანიის უშიშროების სამსახურებში მიაჩნიათ, რომ ხანგოშვილი იყო რუსეთის სახელწიფოს მტრების "სასიკვდილო სიაში", რომელში შემავალ პირებსაც, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები, გეგმაზომიერად იშორებენ თავიდან.