ივერი მელაშვილისთვის მხარდაჭერის გამო, დავით ზალკალიანი დანიის სამეფოში საქართველოს ელჩს, გიგი გიგიაძეს აკრიტიკებს.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე, დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის დაპატიმრებას გამოეხმაურა და მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ჩვენ პირველ რიგში ვართ ადამიანები და შემდეგ ვართ დიპლომატები - ყოფილი ელჩები მოქმედ ელჩს გიგი გიგიაძეს სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, გიგიაძეს პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია, ვინაიდან მას პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია.
30-იანი წლების სტილია. სიმართლე გითხრათ მე მრცხვენია მის მაგივრად. რომ აი ასეთ შეფასებას აძლევს. იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ჯერ ადამიანები და მერე ვართ უკვე დიპლომატები, მერე ვართ მინისტრები, მოადგილეები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წარმავალია, - თქვა ყოფილმა დიპლომატმა გიგი კუბლაშვილმა.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია ამბობს, პირად სივრცეში საკუთარი მოსაზრების გამოხატვა დიპლომატიურ პროფესიულ ეთიკაშიც აბსოლუტურად ჯდება.
პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანის თქმით, გიგი გიგიაძის განცხადება არ ჩაჯდა "იმ დიდ ტყუილში", რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ წამოიწყო.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დავით ზალკალიანი და მთელი მინისტრთა კაბინები არის ბიძინა ივანიშვილთან მორჩილებაში და მათ ადამიანური ფაქტორები არ აინტერესებთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ოქტომბერს დავით ზალკალიანმა დანიის სამეფოში საქართველოს ელჩს, გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილისთვის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და დიპლომატს საქმის დეტალების გარკვევას ურჩია.