პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას მტკიცებით, დავითგარეჯის საქმესთან არჩევნები არაფერ შუაშია და ორჯერ ორია, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო.
რეალურად, რუკა, რომელიც ამ უპირატესობას მოგანიჭებდა შენ ამ კომუნიკაციაში თურმე ინახებოდა ოთახში და ამაზე ხმას არავინ არ იღებდა, ეს, ჩემი აზრით, ორჯერ ორი ოთხია, რომ საჭიროებს გამოძიებას, რა შუაშია არჩევნები?! არჩევნები იქნება მომავალ წელსაც, არ უნდა დაწყებულიყო გამოძიება როცა საუბარია შენ მიწა-წყალზე?! - თქვა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.