ბოდბის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობ იაკობაშვილი ამბობს, რომ გარეჯის საქმეში საქართველოს ინტერესების დაცვა ისე არ ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, საქმეში პოლიტიკოსები არიან ჩარეულები.
ალბათ რაღაც ეჭვები იყო მიზეზი, რომ ივერი გაუშვეს კომისიიდან. მე იმ ცხოვრებით არ ვცხოვრობ, რომ პროკურატურას ან სხვა ვინმეს ნდობა გამობუცხადო ხოლმე, სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ. მთავარია, ახლა ხალხმა მოუსმინოს. ჩვენი ინტერესების დაცვა არ მიდოდა ისე, როგორც უნდა დაეცვათ. პოლიტიკოსები არიან ჩარეულები. დაინახავენ, ახლა არჩევნებია მოახლოებული, ამბობენ საარჩევნოდ უნდათო, ადამიანზე ამბობენ, რომ ტყუილად დაიჭირეს პოლიტიკური მძევალი არისო... კონკრეტულ პირებზე არაფერი არ ვიცი. ვინ სად რას წაიყვანს, მე არ ვუყურებ რომ სააკაშვილი იყოს აქ პრობლემა, ან ივერი იყოს აქ პრობლემა, ან დღევანდელი ხელისუფლება იყოს, ალბათ უფრო საქმისადმი ადამიანების უგულობა, როცა თავი არა გაქვს რაღაცის, არ უნდა იმუშაო იქ, როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებ, - თქვა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობის თქმით, წლების წინ მამა კირიონს რუკებთან დაკავშირებით საუბარი თავად ივერი მელაშვილთანაც ჰქონდა. ის ფიქრობს, რომ საქმეში მხოლოდ კირიონის ჩვენება არაა.
რაც შეეხება საპატრიარქოს პრესმდივანს, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მამა კირიონის ნათქვამს 10 წელია იკვლევს და სასაზღვრო საკითხების გადაწყვეტა კარგად მცოდნე სპეციალისტების გარეშე შეუძლებელია.
რუკა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ, იმ რუკით არ ხელმძღვანელობდნენ, ე.ი. ჩვენი მხარეც ვერ აწვდიდა ამ რუკას, რადგან ხელმისაწვდომი არ იყო. იყო ასლი, რომელიც ავთენტური არ იყო და დღეს გაჩნდა ეს ასლები. როგორ გაჩნდა ეს ასლები, საპატრიარქო ამაში არ მონაწილეობდა, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.