ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან მესამე დღეს ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ წამოწყებული გამოძიების მთავარი მიზანი, არა დელიმიტაციის კომისიის წევრების დასჯა, არამედ წინა ხელისუფლებლის მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა. ირაკლი კობახიძის ეს გზავნილი მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც გაიზიარეს. უფრო მეტიც, წინა ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოღალატეობრივი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს და გამოძიებას კომისიის წევრებისთვის დაკვეთის მიმცემთა დადგენა და მათი პასუხისმგებლობის დაყენება მოსთხოვეს.
ნინო კალანდაძეს დღეს ბრალდებისთვის არ უპასუხია. განცხადება მხოლოდ საგარეო უწყების იმდროინდელმა პირველმა პირმა, გელა ბეჟუაშივლმა გააკეთა. დიპლომატი მხარს უჭერს დაკავებულ ყოფილ თანამშრომლებს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკური რეპრესიებისა და წინასაარჩევნო პროვოკაციების ქრონიკა - ასე შეაფასა ოპოზიციამ ის, რაც ახლა დავითგარეჯის ირგვლივ ხდება. თვლიან, რომ ქვეყნის ბედი ახლა რუსული სცენარით წყდება. რუსული სცენარისა და ხელწერის მაგალითად გამოცდილი მეცნიერების უარგუმენტო სასჯელს თვლიან და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების არაერთი თხოვნის მიუხედავად დავითგარეჯის საკითხითა და კომისიის მუშაობით 8 წლის განმავლობაში არასოდეს დაინტერესებულა, არც მაშინ, როცა პრეზიდენტის სკანდალური განცხადების შემდეგ გარეჯში ვითარება უკიდურესად გამწვავდა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ახლა მმართველი გუნდის დაკვეთას ასრულებს, რადგან არჩევნებზე განწირულები არიან და თავის გადარჩენას სწორედ დავითგარეჯის საკითხის წინასაარჩევნოდ წამოწევით ცდილობენ. თუმცა თვლიან, რომ მეცნიერების დაკავებით დაგეგმილი სცენარი დროზე ადრე და თან მათ საწინააღმდეგოდ აფეთქდა.
სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ცნობილ სახეებს დავითგარეჯის ირგვლივ დაწყებული უარგუმენტო გამოძიება საბჭოთა რეპრესიებს ახსენებს. მათი შეფასებით, ახლა ხელისუფლება მხოლოდ რუსულ ოცნებას ასრულებს, როცა აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭებას არ ერიდება და საკუთარ პოლიტიკურ ეგოიზმს ქვეყნის ინტერესებს სწირავს.
ახლა მთავარი კითხვაა, რა იქნება გამოძიების შემდეგი ნაბიჯი. დააკავებენ თუ ვერა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და წარუდგენენ თუ არა მორიგ და ყველაზე უფრო მძიმე ბრალდებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ Facebook-ზე სცენარს ქართული საზოგადოება ისევ აქციებს დაუპირისპირებს. სამოქალაქო აქტივისტებმა ხვალ 5 საათზე აქცია პარლამენტთან უკვე დააანონსეს.