27 სექტემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, მოვლენები სულ უფრო სწრაფად და ტრაგიკულად ვითარდება.
„მთავარი“ ყოველი დღის ბოლოს შემაჯამებელ აღწერას განახლების რეჟიმში გამოაქვეყნებს, რომელიც კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჩვენი გადამღები ჯგუფის, ორი დაპირისპირებული ქვეყნის ოფიციალური პირების, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ჩინოვნიკებისა და სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და ინფორმაციაზე იქნება დაფუძნებული.
9 ოქტომბერი, დაპირისპირების მე-13 დღე
- აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის მხრიდან იბომბებოდა დასახლებული პუნქტები, კერძოდ, ჰარდუტი და ხოჯალინის მიმართულების სხვა სოფლები.
- ერევნის განცხადებით, მოწინააღმდეგეს სერიოზული ზიანი მიაყენეს და მიმდინარეობს მათი განდევნის ოპერაცია.
- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 9 ოქტომბრის შუადღიდან 10 ოქტომბრის დილამდე ზუსტი სარაკეტო დარტყმებით გაანადგურა მიოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ოფიციალური ბაქოს ცნობით, განადგურებულია 13 ტანკი, 4 სარაკეტო დანადგარი "გრადი", 6 ერთეული Д-20 და Д-30 ტიპის სარაკეტო დანადგარი "ჰაუბიცა", სამი თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა 2С3 "აკაცია", ორი საზენიტო მოწყობილობა M55 "ზასტავა", 2 რადიოლოკაციის სადგური. თავდაცვის სამინისტრო სარაკეტო დარტყმების ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს.
- დაპირისპირებული მხარეები 9 ოქტომბერს, გვიან ღამით, მოსკოვში შეიკრიბნენ და 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, მინსკის ჯგუფის ქვეყნების თაოსნობით გამართული შეხვედრა დახურულ ფორმატში, 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე, ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების, ასევე, ცხედრების გაცვლასთან დაკავშირებით თანხმდებიან.