
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ არაღიარებული ყარაბაღის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების განთავსებაზე საუბარი ჯერ ადრეა.
როგორც ალიევმა, ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, ეუთოს მინსკის ჯგუფის ქვეყნების მიერ შემუშავებულ პრინციპებში ერთ-ერთი საბაზისო პუნქტი სწორედ სამშვიდობო ძალებზეა, მაგრამ მოლაპარაკებების დროს ამ ეტაპამდე ჯერ არ მისულან:
"არის ეს პუნქტი, სამშვიდობო ძალების შესახებ, მაგრამ სათანადოდ ჯერ ეს არ განგვიხილავს, რადგან ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა", - თქვა ილჰამ ალიევმა და დაამატა, რომ თავდაპირველად საჭიროა, განიხილონ "მიტაცებული ტერიტორიების გათავისუფლებისა და იქ აზერბაიჯანელთა დაბრუნების საკითხი".
მისი სიტყვებით, სწორედ ამის შემდეგ შედგება შეთანხმება და თუ მას ორივე მხარე მოაწერს ხელს, მხოლოდ ამის შემდეგ, შევლენ რეგიონში სამშვიდობო ძალები და, რაც მთავარია, სწორედ ამის შემდეგ, ორივე მხარე შეთანხმდება იმაზე, "თუ ვინ იქნება ამ სამშვიდობო ძალების ბირთვი".
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები.
დაპირისპირებული მხარეები 9 ოქტომბერს, გვიან ღამით, მოსკოვში შეიკრიბნენ და 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, მინსკის ჯგუფის ქვეყნების თაოსნობით, გამართული შეხვედრა დახურულ ფორმატში, 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე, ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების, ასევე, ცხედრების გაცვლასთან დაკავშირებით თანხმდებიან.