რუსული კვალი გარეჯის საქმეში - გარდა იმისა, რომ საქმეში მთავარი სამხილი რუსული უშიშროების არქივებიდან მოდის, რუსული გავლენის ქვეშაა ყველა, ვინც გარეჯის გარშემო ხელოვნურად ძაბავს ვითარებას. აქ უპირველეს ყოვლისა, იგულისხმებიან სასულიერო პირები, და არა მხოლოდ ქართველები.
რა წვლილი აქვს საპატრიარქოს დავითგარეჯიდან ქართველი სასულიერო პირების გამოძევებაში? აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპარქია ჰერეთში ამ დრომდე მიტროპოლიტის გარეშეა დარჩენილი.
2014 წლის 5 ივნისის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსად დანიშვნისთვის შერჩეული არქიმანდრიტი, დემეტრე თეთრუაშვილის, კანდიდატურა რამდენიმე დღეში პატრიარქმა, სინოდის სამ წევრ თანამოაზრესთან ერთად, გაურკვეველი ბრალდებებით დაბლოკა. ეპარქია მმართველის გარეშე დარჩა.
არქიმანდრიტი, დემეტრე თეთრუაშვილი, დღეს აღარ საუბრობს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბოლო ერთი წელია, ის საპატრიარქოს ზეწოლის ქვეშაა და იძულებულია, ჩუმად იყოს. არავინ იცის, რა იყო პატრიარქისგან მისი უარყოფის რეალური მიზეზი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაქოში მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჰერეთის ეპარქიის დათმობა მოითხოვა, საპატრიარქომ კი მოთხოვნა უსიტყვოდ შეასრულა. ბაქოს ეკლესია რუსეთის პატრიარქს ემორჩილება. მათ პრეტენზია არა მხოლოდ საინგილოზე, არამედ კახეთის რამდენიმე ეკლესიასა და, რაც მთავარია, დავითგარეჯზეც აქვთ. ჩამონათვალში ბოდბე და გურჯაანის ეკლესიაც შედის. ამდენს არც საქართველოს საპატრიქო დათმობს, თუმცა ფაქტია, რომ რუსული ეკლესიის მოთხოვნის საფუძველზე ეპარქია ბოლო 5 წელია მმართველის გარეშეა დატოვებული.
თეოლოგი გოჩა ბარნოვი 2014 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსნებს და ქართულ საპატრიარქოს რუსეთის ეგზარქიად აფასებს.
"მთავარ არხს" წყარო უყვება, რომ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ბაქოს ეპარქიიდან საპატრიარქომ წერილი მიღო, რომელშიც რუსეთის მიერ დანიშნული ეპსკოპოსი ილია მეორეს სთხოვდა, არ დაეშვა სასრულიერო პირები დავითგარეჯაში, რომელსაც ალბანური კულტურის ძეგლად მიიჩნევდნენ და შესაბამისად, მასზე პრეტენზიას ბაქოს ქრისტიანული ეკლესია აცხადებდა.
რა უპასუხეს პატრიარქ კირილს, არავინ იცის, თუმცა, ფაქტია, რომ 2015 წლის შემდეგ გარეჯში მღვდლებს იმაზე ნაკლებ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება აქვთ, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. ახლა, როცა გარეჯზე გაურკვეველი ბრძოლა დაიწყო, ცხადია, მტრის პოზიციის გამხმოვანებელ ხელისუფლებას, საპატრიარქო ტოლს არ უდებს და რუსეთის პატრიარქის, კირილის თვალისა და ყურის ფუნქციას პირნათლად ასრულებს, შესაბამისად, რუსეთისგან მოთხოვნების წერილობითი გზავნილების შემდეგ წერილობით მადლობებსაც პირადად პატრიარქი იღებს.
სასულიერო პირები კი, რომლებმაც ყველაფერი იციან, თუმცა ისევ საპატრიარქოს ექვემდებარებიან, ამ საკითხზე დუმილის აღთქმას ინარჩუნებენ.