ეს ხელწერა მოდის მოსკოვიდან, - ნინო კალანდაძე დავით გარეჯის საქმეზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის, აზრით, დავითგარეჯის გარშემო პროცესი რუსული სცენარით მიმდინარეობს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუნდს მოღალატის სტიგმა აქვს, განსაკუთრებით, "გავრილოვის ღამის" მოვლენების შემდეგ, ამიტომ მისმა რუსმა პიარ ტექნოლოგებმა ქართველ საზოგადოებაში ახალი ემოციური ფონის შექმნა გადაწყვიტეს, რაც პატრიოტულ განწყობასა და მიწების დაბრუნებაში გამოიხატება.

ნინო კალანდაძე ფიქრობს, რომ ეს ამომრჩევლის ემოციებზე ხელოვნურად გათვლილი საკითხია. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

პირველად დავითგარეჯის საკითხი სწორედ 2012 წლის მაისში დაისვა, როცა არჩევნებამდე 5 თვე იყო დარჩენილი. ასევე, 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ, აღმოცენდა ვიღაც ჰაკიმ ფაშა, რომელმაც გვამცნო, რომ ჟვანიას სიკვდილის ფაქტზე არსებობს ახალი გარემოებები. ეს არის იდენტური ხელწერა, რომელიც მოდის მოსკოვიდან - საიდანაც მოდის ეს დავითი, საიდანაც მოდის ეს რუკა და სადაც დააჯილდოვეს ბედუკაძე, - აბობს ნინო კალანდაძე. 

მისივე თქმით, საკითხის სათავეში დგას "პატრიოტთა ალიანსი", "ქართული მარში", რუსეთთან კავშირის მქონე სასულიერო პირები და დავით ხიდაშელი, რომელმაც რუკა რუსეთიდან ჩამოიტანა. ნინო კალანდაძე საქმეს "ვარაუდების დონეზე შეკერილს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მეორე კვირაა, ხალხმა ვერ გაიგო, რას ედავება პროკურატურა დაკავებულ პირებს.

ეს რუკა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, ამ რუკის არსებობა ყველამ იცოდა, ეს რუკა რომ ვარგისიანი არ იყო გამოსაყენებლად, ამაზეც დიდი ხანია, საუბრობდა კომისიის ყველა წევრი, - თქვა მან.

ნინო კალანდაძისთვის საეჭვოა არქიმანდრიტ კირიონის ინფორმირებულობაც და ფიქრობს, რომ მას არაკეთილსინდისიერი მოტივაცია აქვს. 

კირიონმა საიდან იცის რამე, ან რუკების თაობაზე საიდან იცის, ან საზღვრები როგორ გადიოდა. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას მართლა ფეხით აქვთ შემოვლილი იქ ყველა კუთხე-კუნჭული და თავიანთი ხელით აქვთ დადარებული ყველა რუკის ცდომილება ფიზიკურად, - ამბობს ნინო კალანდაძე.

ნინო კალანდაძე ფიქრობს, რომ დავითგარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს დააზიანებს. 

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება 8 ოქტომბერს შეუფარდა.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი