გამოძიება თუ ზეწოლა მეწარმეებზე - თბილისში სამ სხვადასხვა ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა

გამოქვეყნდა:

სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიაში ფინანსური დოკუმენტების ამოსაღებად გენერალური პროკურატურა სპეციალური დანიშნულების რაზმით მივიდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ნიღბიან წარმომადგენლებს კომპანია "ბროლის" ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში ბლოკირებული, შესასვლელი კარი კი - ხელბორკილებით დაკეტილი ჰქონდა.

პროკურატურის გამომძიებლის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმი მათ ამოღებული დოკუმენტების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის დასჭირდათ. საქმე კი, რომლის გამოც ისინი წარმოშობით ირანელი ბიზნესმენის კომპანიაში შევიდნენ, ფულის გათეთრების ტრანსნაციონალურ დანაშაულს უკავშირდება. 

კომპანია "ბროლში" სამართალდამცავების შესვლის ოფიციალური მიზეზის არ სჯერათ. როგორც გაირკვა, სამშენებლო მასალების იმპორტიორი არჩევნებზე ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას ეხმარება. ევროატლანტიკური ვექტორის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება მსგავსი ფორმით ყველა იმ მეწარმეს სჯის, ვისაც ქართული ოცნების სალაროში თანხა არ შეაქვს. 

კომპანია "ბროლის" გარდა, პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, დღეს კიდევ რამდენიმე კომპანიაში იყო შესული. სამართალდამცავებმა ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურიდან ფინანსური დოკუმენტები და ნაღდი ფული ამოიღეს.

არც ერთ კომპანიაში, სადაც პროკურატურამ დღეს ჩხრეკა ჩაატარა, არავინ დაუკავებიათ. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დასჭირდათ მხოლოდ დოკუმენტების ამოსაღებად სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა. ასევე, უცნობია, რა კავშირი აქვთ ამ კომპანიებს ერთმანეთთან და რაში გამოიხატება მათი მონაწილეობა ფულის გათეთრების ტრანსნაციონალურ დანაშაულში. ამ კითხვებზე პასუხი საგამოძიებო ორგანოს დღეს არ გაუცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი