ახალი ჩვენებები "კარტოგრაფების საქმეში" - დავით ხიდაშელი ივანიშვილს არ ახსენებს

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილის მეუღლე პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. თამარ სულაძეს იმედი აქვს, რომ ილია მეორე მეუღლის უდანაშაულობაში დაარწმუნებს. 

ამასთან, კარტოგრაფების საქმეში ახალი ჩვენებებია, რომელიც გამოძიების აბსურდულობაზე მიანიშნებს. შეუსაბამობები, რომელიც საქმეშია, დაკავებულების ადვოკატებს უმყარებს არგუმენტს, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით  დააკავეს.

ერთერთი მთავარი კი, საქმეში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენებისა და მისი სატელევიზიო ინტერვიუს ცდომილებაა. ჩვენებაში დავით ხიდაშელი წერდა, რომ რუკების მოძიება მისმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ სთხოვა. 

ინტერვიუში კი, ხიდაშელი ყვება, რომ მას დაუკავშირდნენ ტელეფონით და სთხოვეს დახმარება რუკების მოძიებაში,  დეტალებისთვის კი ირაკლი ღარიბაშვილს უნდა დაკავშირებოდა ხიდაშელი. ამის შემდგომ ის დაუკავშირდა მეგობარ მაისურაძეს და სთხოვა გაერკვია მეტი, რათა მოეძიებინათ რუკები. 

მთავრობის წევრებს კითხვის ნიშნები მაინც არ აქვთ. მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დღეს მედიასთან ამტკიცებდა, რომ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა საქართველოს პრეტენზიებს გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე ამყარებს.

მთავარი, რაც საქმის მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილის როლია ამ საქმეში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, მალხაზ მიქელაძე ჩვენებაში პირდაპირ ამბობს, რომ სადაო რუკებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი საქმის კურსში იყო. დღეს მიხეილ ჯანელიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მიქელაძის ჩვენებაში ჩანს, რომ სადაო რუკების გამოყენებას ნოდარ ხორბალაძე ემხრობოდა, რომელიც თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსია. ხორბალაძის ჩვენებიდან კი ირკვევა, რომ მას ივერი მელაშვილისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და მასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს იკამათა.

ხორბალაძის და მიქელაძის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ რუკები არ ყოფილა გასაიდუმლოებული, როგორც ამას დღეს პროკურატურა ამტკიცებს. 

ბრალდების მხარე რომ კარტოგრაფების იმიჯის შელახვას ცდილობს, ეს ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაშიც იკვეთება, სადაც გამომძიებლები ამტკიცებდნენ, რომ 37-38 წლის დედანი რუკები ნატალია ილიჩოვას სამუშაო ოთახიდან აიღეს. როგორც ირკვევა, ილიჩოვას ეს რუკები 2019 წლის მაისიდან აღარ აქვს, რადგან კომისიის დატოვების შემდეგ მასალები მის შემცვლელს ირმა გაბუნიას გადასცა. ამას გაბუნია თავის ჩვენებაშიც ადასტურებს.

კარტოგრაფების საქმეზე​ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთი ღონისძების შეცვლის თაობაზე ხვალ გახდება ცნობილი. 
 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი