საფრანგეთის დიდი ქალაქებისა და, მათ შორის, პარიზის მოსახლეობა საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე სახლიდან გასვლას ვეღარ შეძლებს. ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციის შემდეგ, გადაწყვეტილება დღეს, 14 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო.
შეზღუდვა ძალაში 4 კვირის განმავლობაში იქნება და, პარიზის გარდა, 21:00 საათიდან ქუჩაში ვეღარ გავა მარსელის, ლიონის, ტულუზასა და ლილის მოსახლეობა.
კოვიდვითარება სამწუხარო, თუმცა ჩვენ მიერ მართვადია. მთელი ევროპა და საფრანგეთიც ვირუსის მეორე ტალღას ებრძვის, - ამბობს მაკრონი.
ცნობისთვის, საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრის ცნობით, მხოლოდ დღეს ქვეყანაში ინფიცირების 22 950 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამ დროისთვის, საწოლფონდის 32%-ს კოვიდდადებითი პაციენტები იკავებენ.
ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ ახალი შეზღუდვები დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუმცაღა პრეზიდენტმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე მოუწევთ.