გიორგი გახარიას განხცხადებს შემდეგ, სადაც პრემიერმინისტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ახალი ბრალის წარდგენას არ გამორიცხავს, ოპოზიცია კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მზიანი, სწორედ ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის წინააღდეგ წინასაარჩევნოდ დაწყებული შავი პიარია.
"გახარიას განცხადება ადასტურებს, რომ ორი უდანაშაულო ადამიანი ციხეში იმიტომ ჩააგდო, რომ მათი საბოლოო სამიზნე ყოფილი ხელისუფლების ხელმძღვანელობაა. მთლიანად ეს საქმე რუსეთის პროპაგანდისტული მეთოდებითაა შეკერილი, იმისთვის რომ არჩევნების წინ მორიგ ჯერზე აღძრან დამატებითი საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ " - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"კარტოგრაფების საქმის მთავარი ამოცანა იყო, რომ მორიგ ჯერზე სისულელე დაებრალებინა წინა ხელისფულებისთვის და მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა - ამ საქმის მთელი არსი ეს არის, ამიტომ არ გამიკვირდება თუ ბრალს წაუყენებენ" - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე.
"ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც ფიქრობს, ქართული ოცნება აგებს არჩევნებს, ამიტომ "მათ სჭირდებოდათ რაღაც ისეთი, რომელიც ქართულ გრძნობებზე იმოქმედებდა". მისივე აზრით, რეგიონში ომის პირობებში ასეთი ქცევა ანტისახელმწიფოებრივია.
უმრავლესობის წევრები, გახარიას განცხადების კვალდაკვალ, ასევე მესამე პრეზდენტის პასუხისმგებლობაზე ალაპარკდნენ.
" წინასაარჩევნოდ უნდა შენახულიყო ის მასალა რაც მივიღეთ ? ვის რა უფლება აქვს, რომ დამალოს ?! დიახაც, წინასაარჩევნო პერიოდში უნდა იცოდეს ამომრჩეველმა ვისთან გვაქვს საქმე "- ამბობს გია ვოლსკი, "ოცნების" ლიდერი.
პერსონალიებზე ისაუბრებს გამოძიება, ამბობს "ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი.
"ცხადია, დამატებით კითხვის ნიშნებს აღძრავს, როდესაც, თურმე, ყოფილა განხილვა უშიშროების საბჭოზე, მაშინ ჩვენ კარგად გვახსოვს, ხომ, როგორ იღებოდა გადაწყვეტილებები - იყო მკაცრი ვერტიკალი, რომლის სათავეშიც იდგა პრეზიდენტი" - თქვა იონათამიშვილმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი დავით გარეჯის თემის გამწვავებაში ოპოზიციას ადანაშაულებს და ამბობს, რომ "გამოძიება სად მივა, ამ ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის, თან სააკაშვილზე სისხლის სამართლის გამოძიება არ იქნება სიახლე, ერთი და ორი არ დაწყებულა".