"ოცნება" უკვე აღარ მალავს, რომ კარტოგრაფების საქმის მთავარი სამიზნე ახლა მიხეილ სააკაშვილია. რამდენიმე დღეში ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, სავარაუდოდ, სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტს წაუყენებენ. გიორგი გახარიამ დღეს შტურმი ისევ ოპონენტებზე მიიტანა და ყველაფერი ისევ მათ დააბრალა. პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ დავითგარეჯის საკითხის წამოწევა სწორედ ოპოზიციის განცხადებებს უკავშირდება.
ივანიშვილისა და მისი გუნდის მთავარმა სამიზნემ მიხეილ სააკაშვილმა გახარიას დღის ბოლოს უპასუხა. გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ივერი მელაშვილიც და ნატალია ილიჩოვაც ციხეში ერთადერთი მიზეზით გამოკეტეს, რომ მის წინააღმდეგ მორიგი საქმე გამოეგონებინათ. მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" თქვა, რომ ივანიშვილს მორიგი გეგმა ჩავარდა და შეკერილი საქმით წინაასაარჩევნოდ ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახლა "ოცნება" წინა ხელისუფლებს ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს - ყოფილ პრემიერმინისტრს იყენებს. ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება, სავარაუდოდ, მესამე პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი გახდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პოლიტიკური შოუ გადამწყვეტი არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვიდა. ამიტომ "ოცნების" ხელიუსფლებას მოუწოდებენ კარტოგრაფების აბსურდული საქმე დროულად შეწყვიტოს.
ოპონენტები ამბობენ, რომ დავითგარეჯის საკითხზე და აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაციის პროცესზე მოლაპარაკებები ახალი ხელისუფლების პირობებში უნდა განახლდეს. იქამდე ოპოზიცია სამართლებრივი გზების მოძებნას ითხოვს, იმისათვის რომ ორმა უდანაშაულო ადამიანმა - ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საპატიმრო დატოვონ.