კარტოგრაფების პოლიტიკური საქმე - ნოღაიდელის ჩვენება და მისი კავშირები ივანიშვილთან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სახელი კარტოგრაფების საქმეში ოფიციალურად მოხვდა. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის როლზე დავით გარეჯის ისტორიაში მაშინდელი სახელისუფლებო ვერტიკალის მეორე პირმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ისაუბრა.

ნოღაიდელის ჩვენება: ყოფილი პრემიერი ჩვენებაში უშიშროების ერთ-ერთ სხდომას იხსენებს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რომელ წელს გაიმართა ეს შეხვედრა ან ვინ ესწრებოდა. უჭირს დააზუსტოს, საბჭოს სხდომაზე ვინ იყო დავით გარეჯის საკითხზე მომხსენებელი. ერთადერთი, რაც ნოღაიდელმა იცის, არის ის,  რომ შეხვედრას მაშინდელი პრეზიდენტიც ესწრებოდა და რომ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სწორედ, სააკაშვილი იღებდა. ილიჩოვას ადვოკატები ნოღაიდელის ჩვენების გაცნობის შემდეგ დარწმუნებულები არიან, რომ ნოღაიდელის ჩვენება საქმეში ერთადერთი მიზნით - მაღალჩინოსნების საკითხის წამოწევის გამო გაჩნდა.

ნოღაიდელის ჩვენება იმდენად ბუნდოვანია, რომ იურისტები უპირობოდ თანხმდებიან, რომ მისი დაკითხვის ერთადერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის ხსენება იყო, რაც ადასტურებს, რომ კარტოგრაფების საქმე სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური შურისძიება და ამ ფაქტს სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებაც ადასტურებს; რადგან ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პაატა სილაგაძემ ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილა და კარტოგრაფები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე პატიმრობაში დატოვა. აქვე, ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მოსამართლე სილაგაძე არაერთ გახმაურებულ საქმეს კურირებდა.

აღსანიშანავია, რომ ზურაბ ნოღაიდელს ბიძინა ივანიშვილთან საერთო ბიზნეს ინტერესები აქვს. კომპანია სადაც  ნოღაიდელი დღესაც მუშაობს "ელ გრინია", რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებს. 

ივანიშვილის და ნოღაიდელის ფარული კავშირები 2012 წლიდან კიდევ უფრო გამყარდა. კომპანია რომელშიც ნოღაიდელი მუშაობს, ბიძინა ივანიშვილის მამიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მფარველობის ქვეშ არის.

თუმცა, მანამდე ნოღაიდელის ვიზიტი მოსკოვში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სკანდალია. ის მაშნდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ვლადიმერ პუიტინთან მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებდა.

ქართული ოცნების  8 წლიანი მოღვაწეობა კი მმართველ გუნდთან მის ჩრდილოვან  სიახლოვეს მუდმივად ამყარებდა. 8 წლის თავზე კი დავითგარეჯის საქმეზე  ნოღაიდელის ჩვენებით ოცნება თავის გადარჩენას ვარაუდობს

ამ საქმის ირგვლივ კიდევ ერთი ახალი გარემოებაა - რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, რომელმაც გამოძიებას რუსეთიდან ჩამოტანილი რუკები გადასცა, პროკურატურამ მეორედ უნდა დაკითხოს. მიზეზი ჩვენებასა და სატელევიზიო ინტერვიუებში მიცემული ცდომილებებია. დავით ხიდაშელი ღიად ამბობს, რომ რუკების მოძიება მას ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, ეს ფაქტი კი ჩვენებაში არ დევს. დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები მოწმის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ და ასევე არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, გამოძიებამ ივანიშვილის მონაწილეობა დავით გარეჯის საქმეში დამალა.

როდის დაიკითხება დავით ხიდაშელი პროკურატურაში განმეორებით, ზუსტი დრო უცნობია. პროკურატურა ინფორმაციას არ ასაჯაროებს. დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატები კი, მისი თავისუფლების უფლების დარღვევის გამო, ევროსასამართლოს მიმართავენ.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი