საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეში არსებული რუკა, რის გამოც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს, ქართული მხარისთვის მომგებიანი არ არის. მისი თქმით, შეიძლება, რუკა მომგებიანია დავით-გარეჯის მონაკვეთში, თუმცა კითხვის ნიშნებს აჩენს საზღვრის სხვა არაერთ ნაწილზე.
"თუ ის შედარებით მომგებიან სიტუაციას ქმნის საქართველოს მხარისთვის გარეჯის მონაკვეთში, საზღვრის მთელ დანარჩენ პერიმეტრთან დაკავშირებით რამდენად მომგებიანია ის ქართული მხარისთვის? ვშიშობ, რომ ის ასეთი არ არის. ბატონი ივერი მელაშვილი და ქალბატონი ნატალია ილიჩვა არიან პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები", - ამბობს ვაშაკიძე.
ნიკოლოზ ვაშაკიძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურამ საქმე პოლიტიკური დაკვეთით - მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეკერა.
"მიზნად იყო დასახული ასეთი ხმაურიანი, მტკივნეულ თემასთან დაკავშირებული საქმის აგორება არჩევნების წინ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გამოყენებულ იქნას სწორედ პოლიტიკური ფიგურების, თუნდაც, სააკაშვილის წინააღმდეგ", - თქვა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
ნიკოლოზ ვაშაკიძის ინფორმაციით, ივერი მელაშვილი ქვეყნის ინტერესებს ისე მტკიცედ იცავდა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ოფიციალური თბილისისგან მისი კომისიიდან დათხოვნა რამდენჯერმე მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.