"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით ოპოზიციის მესიჯები "საარჩევნო კაპიტულაციას" ნიშნავს. ამ თემაზე მან კითხვას ბრიფინგზე უპასუხა.
ეს მესიჯები არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ნიშნავს უკვე სრულ კაპიტულაციას, ოპოზიციის მხრიდან, ისინი ხედავენ, რომ რეალურად არჩევნებში წარმატების არავითარი შანსები არ აქვთ შესაბამისად ორი კვირით ადრე მათ უკვე გამოაცხადეს პრაქტიკული საარჩევნო კაპიტულაცია. არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დაკანოიძის თქმით, ხელისუფლება ღიად უნდა გამოვიდეს და თქვას როგორი იქნება ადმინისტრირება.
ადამიანებს აქვთ ახლა ერთი დამოკიდებულება, შიმშილი, რომელიც არსებობს უკვე და შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს და გამძაფრდეს ზამთრის ფონზე, მათ ბიძინა ივანიშვილი აღარ უნდათ. ჩვენ გავლილი გვაქვს წინასაარჩევნო მანიპულირების ყველა სქემა, მათ შორის, საჯარო მოხლეების დილით ადრე მიყვანა, რიგების ვითომ დარეგულირება, - თქვა ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, საზოგადოებას არ აქვს იმის მოთმინება, რომ ამ მთავრობას კიდევ რამდენიმე წელი ელოდოს.
სრულიად ნათელია საზოგადოების დამოკიდებულება, ყველას უნდა გარდამტეხი ცვლილებები, რა თქმა უნდა, კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, - თქვა სერგი კაპანაძემ.
ამ თემაზე დღეს, 17 ოქტომბერს სპეციალური ბრიფინგი გამართა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა "თავიდან ამოიგდოს" არჩევნების გადავადება და შეთქმულების თეორიები.